[მედიანიუსი]
წინა ხელისუფლების პირობებში თავდაცვის უწყებაში ჩადენილ შესაძლო სამოხელეო დანაშაულებებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, სწორედ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება პასუხისმგებელი პირების ვინაობა.
"ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაწარმოებთ გამოძიებას. ჩვენი უწყება და შს სამინისტროს შესაბამისი უწყება ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ შემოწმებას 2005-2012 წლებში. წინასწარი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე მოსჩანს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისი. ამ ეტაპზე ხდება სარევიზიო აქტების დამოწმება. შემდეგ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა მოხდეს პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და როდესაც ეს საკითხი დასრულდება, საზოგადოებას ეცნობება ამის შესახებ", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ცნობით, გამოვლენილია, რომ სამეგრელოში წინა საარჩევნო პერიოდში თავდაცვის უწყების ბალანსზე რიცხული საწვავი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს უკანონოდ გადაეცემოდათ. კბილაშვილის თქმით, გამოძიება ამ საკითხზეც მიმდინარეობდა.