[მედიანიუსი]
პოლიტიკის ანალიტიკოს ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, უშიშროების ყოფილი მინისტრის მიერ პრორუსული პოლიტიკის პოპულარიზაციის მცდელობა უშედეგო იქნება, ისევე როგორც მანამდე სხვა პოლიტიკური ძალების მიერ ამ ვექტორზე წარმოებული კამპანია.
როგორც „მედიანიუსთან“ საუბრისას ფირალიშვილმა განმარტა, პრორუსულ პოლიტიკას საქართველოში დიდი ხნის მანძილზე პერსპექტივა არ ექნება, რადგან რუსეთი ჯერ კიდევ იმპერიის ნოსტალგიითაა შეპყრობილი. საქართველოში პრორუსული პოლიტიკის უპერსპექტივობა თავად რუსეთშიც კარგად ესმით, უბრალოდ. ისინი პერიოდულად ერთგვარ ტესტს ატარებენ და ახალი ძალებით იწყებენ პრორუსული პოლიტიკის პროპაგანდას.
ფირალიშვილი უსიამოვნო ფაქტს უწოდებს იმას, რომ პრორუსული პოლიტიკის პროპაგანდას უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ეწევა, რადგან იგი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყველა უშიშროების მინისტრის უპირველესი მოვალეობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, 1989 წლის შემდეგ კი, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტ საფრთხეს სწორედ რუსეთი უქმნიდა.
ექსპერტის განმარტებით, უშიშროების მინისტრის ხედვების ასეთი ცვლილება ცუდის მანიშნებელია და სავარაუდოდ, მისი მხრიდან მსგავსი პოლიტიკური აქტივობის დაწყება პირად ინტერესებს უკავშირდება.
„ვალერი ხაბურძანიას განცხადება, პრორუსული პოლიტიკის განმარტების თაობაზე, თითქოს ის რუსეთის ინტერესების გატარებას კი არა, მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს თანმხვედრი ინტერესების გატარებას ემსახურებოდეს, ცარიელი რიტორიკაა. რუსეთის იმპერიალისტური მიდგომები და ხედვები ყველამ კარგად იცის და თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში ის დიდხანს ვერ გათავისუფდება ორ საუკუნოვანი პრაქტიკისგან.”- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
ცნობისთვის: საქართველოში დაბრუნებულმა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოში პრორუსულ პოლიტიკას ჩაუდგება სათავეში და ამ პოლიტიკის პოპულარიზაციას მოახდენს.