[pirveli.com.ge]
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
მერაბიშვილი Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მორგან სტენლის შეფასებას აქვეყნებს.
"მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა და დეკემბერში ნეგატიური -0.8% შეადგინა. მთლიანად 2012 წელს, მშპ-ის ზრდა ნაცვლად დაგეგმილი 6,7%-სა, სულ 6,1% იყო. მართალია, იანვარში ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა, მაგრამ ზრდის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2013 წლის ზრდის პროგნოზს 5,6%-დან 5%-მდე ვამცირებთ. ბიუჯეტი დაგეგმილია 7%-იანი ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტური პროგნოზით. ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ დაგეგმილი შემოსავლები ვერ შეგროვდება და ქვეყნის ფისკალური დეფიციტი დაგეგმილი 2,8%-ის ნაცვლად, მშპ-ის 3,5% მიაღწევს. მზარდი ფისკალური დეფიციტი და საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოვლენების განვითარების პოპულისტურ სცენარზე მიგვანიშნებს. პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეამცირებს", - ნათქვამია შეფასებაში.
"მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მიერ გამოთქმული შემაშფოთებელი პროგნოზები კიდევ ერთხელ მაიძულებს მოვუწოდო მთავრობას, ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით საგანგებო ზომები მიიღოს. თუ ახლანდელი ნეგატიური ტენდენციები კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდა, საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეების კითილდღეობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება", - მიიჩნევს ვანო მერაბიშვილი.