[მედიანიუსი]
თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმთა ნაწილი მათ სამსახურში პრობლემებს უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ ცენტრის ადმინიტრაციამ ოთხი ექიმი სამსახურიდან დაითხოვა. მომხდარს კი ექიმების 5-დღიანი შიმშილობა მოჰყვა. ექიმები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციამ მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ საჯაროდ დაიწყეს საუბარი სასწრაფოში არსებულ დარღვევებსა და დანაშაულებზე. ყველაფრის მიზეზად კი ცენტრის არასწორ მენეჯმენტს ასახელებენ.
კონკრეტულად რა პრობლემებია სასწრაფო დახმარების მომსახურებასთან დაკავშირებით, რამდენად ხშირია პაციენტთა გამოძახებებზე დაგვიანება და უზრუნველყოფილია თუ არა სასწრაფო სამედიცინო ცენტრი შესაბამისი მედიკამენტებით, ამ საკითხის გასარკვევად „მედიანიუსი“ სასწრაფო დახმარების ცენტრის ყოფილ ექიმს ლევან ლომსიანიძეს ესაუბრა.
_ ჩვენ ადმინისტრაციის დანაშაულს ვაპროტესტებთ, რადგან არ შეიძლება ინფარქტიანი პაციენტი მოათავსო იმ კლინიკაში, სადაც ელემენტარული კარდიოგრამა არ არის, ან ორსული მოათავსო სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრში. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რამ. პაციენტს ჰყავს საკუთარი ექიმი, ჩვენ კი ადმინისტრაციის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გადაგვყავს სხვა კლინიკაში. ეს დანაშაულია . სწორედ ამ დანაშაულზე რომ დავიწყეთ ლაპარაკი, ამიტომაც გამოგვიშვა სამსახურიდან.
_ ადმინისტრაცია რატომ წყვეტს რომელ კლინიკაში უნდა გადაიყვანოთ პაციენტი?
_ იმიტომ , რომ გარიგებაში არიან იმ კლინიკებთან, სადაც პაციენტის გადაყვანის მოთხოვნაა. პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს როგორც საკუთარი ექიმი, ასევე საავადმყოფო. ადმინისტრაცია კი ამ უფლებას ართმევს.
– რამდენად უზრუნველყოფილია სასწრაფო დახმარება მედიკამენტებით?
_ რაც შეეხება მედიკამენტებს, შემიძლია ერთი მაგალითი გითხრათ: სავარაუდოდ, ომის დროს ჰუმანიტარული დახმარებით ერთ–ერთი დასახელების მედიკამენტი `დექსამეტაზონი“ შემოიტანეს, რომელთაც აპრილ–მაისში გადის ვადა. იგი ამოღებული უნდა იყოს ქსელიდან, თუმცა მოქმედებაში დღესაცა, რაც არ შეიძლება და დანაშაულია.
_ სასწრაფო დახმარების დაგვიანებების მიზეზით თუ ყოფილა გარდაცვალების შემთხვევები?
_რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევა ძალიან ბევრია. არსებობს სტატისტიკა და შეგიძლიათ ამოიღოთ. ამის გამო პაციენტებისგან უდიდესი უკმაყოფილებაა, რადგან გამოძახებიდან 4–5 საათში რომ მიხვალ ავადმყოფთან, ექნებათ, აბა, არ ექნებათ პრეტენზია?! გუშინ , მაგალითად სასწრაფო დახმარება ავადმყოფთან გამოძახებიდან ზუსტად 6 საათის შემდეგ მივიდა.