[მედიანიუსი]
სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ექიმი–ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ერთ–ერთი იმ პატიმრის დიაგნოზს აქვეყნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებიდან მასთან სამკურანლოდ მიიყვანეს. ამ ფაქტის შესახებ სიხარულიძე „მედიანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯერ კიდევ 27 თებერვალს საუბრობდა.
როგორც დღეს ექიმმა „მედიანიუსს“ განუცხადა, აღნიშნული პატიმარი 11 წლის წინ, დაკავებამდე ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, თუმცა მიუხედავად ამისა, როდესაც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიყვანეს ჯანმრთელი იყო, დღეს კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება:
„მამაკაცი 39 წლის, საპატიმროში არის 11 წელი.
დიაგნოზი: ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით აღკვეთის მდგომარეობა (ბაკლოსანი 25 აბი; გრიმოდინი 10 აბი; კლონაზეპამი 10 აბი რელადორმი 5 აბი; დიაზეპამი 5 ამპულა– დღე–ღამეში ). პიროვნული აშლილობები, ქრონიკული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა; ქრონიკული ჰალუცინოზი; ტოქსიკური ენცეფალოპატია;
მარცხენა ფილტვის ინფილტრაციული ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში მულტირეზისტენტული ფორმა, ტუბერკულოზური სპონდილოპატია; მიოკარდიოდისტროფია; ქრონიკული ვირუსული ჩ ჰეპატიტი; ტოქსიკური ჰეპატიტი; ქრონიკული გასტრიტი, კატარალური რეფელქსო–ეზოფაგიტი; ქრონიკული ქოლეცისტიტი; წელის მალების ოსტექონდროზი; წელის მე 5 დისკის ტრავმული დაზიანება; გავა წელის ქრონიკული რადიკულიტი ქრონიკული შეგუბებით პროსტატი“.
ექიმის განცხადებით, აღნიშნული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ მკურნალობის შემდეგ მას უკან, ციხეში უწევს დაბრუნება. როგორც ექიმმა „მედიანიუსს“ განუცხადა, იგი უკვე ელაპარაკა მის ადვოკატს იმის თაობაზე, რომ სასჯელისაგან გათავისუფლების შეწყალების კომისიას განცხადებით მიმართოს.
„თვითონ სასჯელაღსრულებასაც ველაპარაკეთ და ზუსტად ვერ ვერკვევი ამას რა ჰვქია, მაგრამ ავადმყოფობის გამო რომ ათავისუფლებენ იმ კომისიას უნდა მიმართოს“, – აღნიშნა მან.
ექიმის თქმით, მის ცენტრში სამკურანლოდ ზემოხსენებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კიდევ ორი პატიმარია გადაყვანილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაკლებ მძიმეა. ზურაბ სიხარულიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე ხვალ მე–15 საპყრობილეში მიდის იმისათვის, რომ ნახოს კიდევ ხომ არ არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ნარკოდამოკიდებული პატიმრები.
„წარმოიდგინეთ რა სიტუაციაა ყველა ციხეში... როგორც ჩანს ესენი აქამდე არავითარ დახმარებას არ იღებდნენ. ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებას უწევს მათი მკურნალობა და წარმოიდგინეთ ეს რა ხარჯებთანაა დაკავშირებული“, – უთხრა მან „მედიანიუსს“.
მისივე ინფორმაციით, ამ მიზნით ზემოხსენებულ დაწესებულებას სხვა სპეციალობის მქონე მედიკოსებიც მოინახულებენ.