[მედიანიუსი]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებული საკითხისთვის პოლიტიკური სარჩულის არსებობას გამორიცხავს.
როგორც დღეს მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს თუნდაც ის საბჭო, ის კანონი და ის კომისია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის მიერ არ არის შექმნილი და შექმნილია წინა ხელისუფლების დროს.
„არანაირი პოლიტიკური ბერკეტი არ მაქვს ამის გაკეთების. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება პროცესის სერიოზული პოლიტიზება. მე დღეს მივედი და საგანგებოდ შევხვდი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. სტუდენტებთან მე ძალიან საინტერესო პოლემიკა მქონდა მანამ, სანამ ამ პოლემიკაში პოლიტიკოსები, მათ შორის ჩემი წინამორბედი არ ჩაერთო. ამის მერე მე დავტოვე შეხვედრა, რადგან მქონდა სტუდენტებთან შეხვედრა და არა პოლიტიკური დებატები“, _ აღნიშნა მარგველაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ის თუ რამდენად სერიოზული იყო დარღვევები, რომლებიც აგრარულ უნივერსიტეტში აღმოჩნდა, ამ საკითხს ისინი ახლა სწავლობენ.
„მე ახლა ვეცნობი დოკუმენტს. იურიდიულ დოკუმენტში წერია გაუქმება. გაუქმების შინაარსია, რომ გაუქმებულია ავტორიზაცია, მაგრამ ხვალვე რომ შეიტანონ, ხვალვე შეეძლებათ აღდგენა, ოღონდ ხარვეზები უნდა გამოასწორონ. გაუქმება არ ნიშნავს სამუდამოდ გაუქმებას. ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭო მათ ავტორიზაციას აღუდგენს“, _ აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების პროცესი არ ამოქმედებულა და უნივერსიტეტი მუშაობას აგრძელებს. ამ პროცესი ამოქმედება სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოხდება.
მარგველაშვილმა განმარტება იმაზეც გააკეთა, თუ რატომ არ შეიცვალა ავტორიზაციის საბჭო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.
„სააკაშვილის რეჟიმის დროს პოლიტიკაში ძალიან აქტიური ვიყავი და თან ვიყავი უნივერსიტეტის რექტორი. ამ ავტორიზაციის საბჭოსთან ურთიერთობა მქონდა. ამ საბჭომ არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღო და ჩემი ინსტიტუტის საქმეს სუფთა პროფესიულად მიუდგა. ჯერ ერთი, რატომ უნდა განმეახლებინა და მეორე, მე ადამიანების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვების წინააღმდეგი ვარ. მე ამ საბჭოს გაშვების არგუმენტი არ მქონია“, _ აცხადებს მარგველაშვილი.