[მედიანიუსი]
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია `ერიოსინის~ მიერ მოსკოვში გამართულ კონცერტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მეზობელთან, ავია თუ კეთილია ის, კეთილი ურთიერთობები სჭირდება, ამის პირველი შიკრიკი კი კულტურაა.
მისი თქმით, "ერისიონი", "სუხიშვილები" და სხვები დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და მათ აქვთ უფლება, ნებისმიერ ადგილას წავიდნენ და საუკუნეებ გამოვლილი ქართული კულტურა წარმოაჩინონ, რითაც ქვეყანა ამაყობს.
მინისტრის განცხადებით, როდესაც საბჭოთა კავშირი ფაშიზმს ებრძოდა, საბჭოთა რადიოში ხშირად იყო გერმანული მუსიკა, - ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, ვაგნერიც კი, რომელიც ჰიტლერს ძალიან უყვარდა.
„ანუ ვებრძოდით ქვეყანას და ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ვებრძვით თქვენს არასწორ, საზიზღარ პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით თქვენს კულტურას. კულტურა ყველაზე მაღალია, რაც არსებობს ამ ქვეყანაზე. კულტურა არის პირველი შიკრიკი, რომელსაც ეს სიგნალი მიაქვს. ამას იგებენ, მას თავისი ენა აქვს და თარგმნა არ სჭირდება. სწორედ ამ ენით გვინდა ავაგოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობები, დავიბრუნოთ ტერიტორიები, გადავწყვიტოთ ყველაზე მძიმე პრობლემები და ასე შემდეგ. დიალოგის გარეშე ეს წარმოუდგენელია. როდესაც გაქრა დიალოგი, სწორედ მაშინ გავარდა პირველი ტყვიაც. ჩვენ გვიცნობენ ჩვენი კულტურით, ჩვენ "მერსედესებს" და "ჯიპებს" არ ვაკეთებთ. ჩვენი სიამაყე არის ეს. მეტი საქართველო ყველგან - ეს ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ ვეუბნებით - წადით, იარეთ", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.