[მედიანიუსი]
ხელისუფლება ახალი პროექტის, „ საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ განხორციელებას იწყებს.
როგორც „მედიანიუსს“ პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი პროექტის მიზანია, სახელმწიფო მმართველობაში საზოგადოების მეტი ჩართულობა უზრუნველყოს, მთავრობის მუშაობა უფრო ღია და გამჭვირვალე გახადოს და ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი, ტრადიციად აქციოს.
მათივე განმარტებით, პროექტი „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ითვალისწინებს მთავრობის პირველი პირების შეხვედრებს ინტერაქტიულ რეჟიმში, როგორც ქართულ, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებთან.
პროექტის ფარგლებში, მედიასთან შეხვედრა გაიმართება კვირაში ორჯერ. შესაბამისად, კვირის განმავლობაში ორი მინისტრი მედიის საშუალებით, საზოგადოებას საკუთარი უწყების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს გააცნობს.
„საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, 12 მარტს, პირველ შეხვედრას, ჟურნალისტებთან, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გამართავს.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტი საფუძველს ჩაუყრის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ტრადიციას.