[მედიანიუსი]
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი მიმართვას უგზავნის ევროპის მაუწყებელთა კავშირს, ევროსაბჭოს,ევროპარლამენტს, საქართველოში აკრედიტებულ დოპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებს. `მედიანიუსი~ ამ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
`მოგმართავთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი უკიდურესად კრიზისული სიტუაციის გამო, რომელიც გამოწვეულია ამ ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს მორიგი, არაადეკვატური, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან. საბჭოს შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია პოლიტიკური ნიშნით,ისინი არც არასდროს მალავდნენ თავის პოლიტიკურ პრეფერენციებს, რაც სრულიად შეუთავსებელია საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფუძემდებლურ პრინციპებთან.
მოგმართავთ, რათა მოგეცეთ საშუალება ობიექტური, დაუმახინჯებელი ინფორმაცია მიაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებს და მედიაორგანიზაციებს.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შედგა ხელისუფლების გადაცემის პირველი მშვიდობიანი პრეცედენტი, ბუნებრივია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს გაუჩნდათ იმედი, რომ ბოლო მოეღებოდა დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას: საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი თემების მიჩუმათებას, საინფორმაციო პოლიტიკის ტენდენციურობას, ბიუჯეტის გაუმჭვირვალობას, მრავალმილიონიან დავალიანებებსა და ა.შ. მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განაგრძობს ვადაგასული მეთოდებით მუშაობას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი გამოხატავს მაუწყებელში მომუშავე პროფესიონალთა უმრავლესობის ნებას - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდეს ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისაგან, ხოლო თანამშრომლებს მიეცეთ საშუალება ემსახურონ საზოგადოების და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.
ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები დღეს ვაცხადებთ, რომ აღარ შევეგუებით სარედაქციო დამოუკიდებლობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. დროა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რომელიც მას ეკისრება საზოგადოებრივი მაუწყებლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მოვითხოვთ მის გადადგომას და გარდამავალი მმართველობის შემოღებას, მანამდე, სანამ შეიცველება კანონი მაუწყებლობის შესახებ. ახალმა კანონმა მაქსიმალურად უნდა უზუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობა ნებისმიერი სახის პოლიტიკური და კომერციული ზეწოლისაგან~, _ ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.