[myrights.ge]
ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლორთქიფანიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ განუცხადა , მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის გარდა, მისი მოადგილე, ნოდარ შარაბიძეც დააკავეს. ის სამართალდამცავებმა გამგეობის შენობიდან საკაცით გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება დასჭირდა ლევან ლორთქიფანიძესაც.
გამგეობის შენობასთან პოლიციელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. ადგილზე, ასევე, მივიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.
შარაბიძისა და ლორთქიფანიძის დაკავების შესახებ შს სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება დღეს გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.
კერძოდ, შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს. მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.
შს-ს ინფორმაციით, ხელვაჩაურის გამგებელმა და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
ამასთან, ლევან ლირთქიფანიძე ხელვაჩაურის გამგებლად 2012 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა.
დაკითხვაზე იმყოფება ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძეც. ის ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 2010 წლის 17 ივნისიდან მუშაობს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ფარტენაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და საკრებულოს ახლად შექმნილ ფრაქციას შეუერთდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძისთვის ხელვაჩაურის გამგებელის ლევან ლორთქიფანიძის დაკავების ფორმა მიუღებელია. როგორც ხელვაჩაურის გამგეობაში მურმან დუმბაძემ განაცხადა, გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით „საეჭვო მდგომარეობაა“:
„დაკავების ფორმა კატეგორიულად მიუღებელია, დანარჩენი არის საეჭვო მდგომარეობა. ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველაფერი გაირკვევა უახლოეს პერიოდში“.
კითხვაზე, რომ ხელვაჩაურის გამგებელს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, დუმბაძემ აღნიშნა, რომ „ასე ფიქრობენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან საეჭვო“.