[myrights.ge]
გამოძახებებზე ექიმების დაგვიანებას, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა პაციენტების მწვავე რესპირატორული დაავადებების ხშირი შემთხვევებით ხსნის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, კახა ჩიხრაძემ განუცხადა, სეზონური გრიპის გამო რაოდენობა გაიზარდა და დღე-ღამის განმავლობაში ექიმების გამოძახება 12:00-დან 18:00-მდე გაიზარდა.
როგორც კახა ჩიხრაძე აცხადებს, გამოძახებების პიკი 18:00 საათიდან 02:00 საათამდეა და შესაბამისად, პაციენტთან მისვლა სამედიცინო ბრიგადებს სწორედ ამ დროს უგვიანდებათ.
როგორც კახა ჩიხრაძემ განმარტა, აღნიშნული დროის მონაკვეთში შესაძლებელია სასწრაფო-სამედიცინო დამხარების მოლოდინში ერთდროულად 100 გამოძახება იყოს.
მისივე ინფორმაციით, ერთ საათში უფროს ექიმს 6.4 ლარი ეძლევა, უმცროს ექიმს 5.4 ლარი, ხოლო მძღოლს 4.4 ლარის ანაზღაურება აქვს.
„ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომელთა თქმითაც, როდესაც სასწრაფოს დახმარება დასჭირდათ, ბრიგადებმა საკმაოდ დიდი დროით დაიგვიანეს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გამოძახებებზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების დაგვიანებების რაოდენობის შესამცირებლად სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძახებებზე დაგვიანების შემთხვევები გასულ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. დავით სერგეენკომ სტატისტიკა მოიშველია და აღნიშნა, რომ გასულ პერიოდში დღის განმავლობაში 1 200 გამოძახებიდან 100 დაგვიანების ფაქტი ფიქსირდებოდა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამოძახებები 1 800-მდეა გაზრდილი და ამ შემთხვევაშიც დაგვიანების რაოდენობა 100 შეადგენს.
მინისტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან მოშიმშილე ექიმების თემაზეც ისაუბრა და მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ. სერგეენკოს ინფორმაციით, შექმნილია დროებითი მმართველი საბჭო, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პრობლემებს, მათ შორის მოშიმშილე ექიმების პრეტენზიებსაც სწავლობს.
ამასთან, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ 28 თებერვალს დაწყებული ჯანმრთელობის დაცვის ახალი პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. მინისტრის ინფორმაციით, დღემდე გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით 300 000-მა საქართველოს მოქალაქემ უკვე ისარგებლა, ხოლო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით 2 000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 1 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებით ისარგებლა. სერგეენკოს თქმით, ყოველდღიურად ახალი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით 5 000-მდე მოქალაქე სარგებლობს.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ზოგიერთი კლინიკა პაციენტებს იმ მომსახურებაში ართმევს ფულს, რაც უფასოა ახალი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით. თუმცა სერგეენკოს თქმით, ასეთი ფაქტები ერთეულია, სპეციალური სამსახური შეისწავლის ამ ფაქტებს და ეს რამდენიმე დღეში საჯარო გახდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ყოფილი ექიმები სამსახურში აღდგენის მოთხოვნით უკვე ერთი კვირაა შიმშილობენ.
ყოფილი ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ 15-კაციან საბჭოს საქმის დროულად შესწავლას სთხოვენ, რადგან ისინი შიმშილობის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, სანამ სამსახურში არ იქნებიან აღდგენილები.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყოფილმა ექიმება შიმშილობა 7 მარტს დაიწყეს. მათი მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და ადმინისტრაციის შეცვლაა. როგორც ექიმები ამბობენ, ისინი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასწრაფო სამედიცინო ცენტრში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ დაიწყეს ლაპარაკი. მოგვიანებით მათი საქმის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო და მინისტრის ინიციატივითვე შეიქმნა 15-კაციანი საბჭო, რომელიც ექიმების გათავისუფლების საკითხს შეისწავლის.