[myrights.ge]
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების გამო.
ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან განთავისუფლებულმა პატრულ–ინსპექტორებმა: ზვიად ბერაიამ, ზურაბ სოსელიამ, დაზმერ ჯანაშიამ, დავით ყოლბაიამ და ირაკლი ცაავამ, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს 20-ზე მეტ სხვა პატრულ-ინსპექტორთან ერთად.
განმცხადებლები მიუთითებენ ხელმძღვანელობის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე. კერძოდ, აცხადებენ, რომ მათ მოსთხოვეს, „საკუთარი ნებით“ დაეწერათ პატაკები, გადასულიყვნენ კადრების განკარგულებაში და დაეწყოთ ახალი სამსახურის ძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პირად საქმეებს „გააფუჭებდნენ“ და გადააგზავნიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურაში. ხელმძღვანელობის მხრიდან ამგვარი ზეწოლის შედეგად და უშუალოდ მათი მითითებით, 2012 წლის 30 ნოემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაწერეს პატაკები და გადავიდნენ კადრების განკარგულებაში.
ამ ფაქტის შემდეგ მათ მიმართეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვეს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზის განმარტება. პასუხად მიიღეს, რომ მათივე განცხადების საფუძველზე, აყვანილნი არიან შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში და მიმდინარე საშტატო სარეორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მათი დასაქმების საკითხი ამ ეტაპზე განხილული არ იქნება.
2013 წლის 11 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, წერილობით აუხსნა საქმის ვითარება, მათ შორის – პატრულ-ინსპექტორებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ და სთხოვა განმარტება, თუ რის საფუძველზე გათავისუფლდნენ სამსახურიდან პატრული-ინსპექტორები. ცენტრმა მინისტრს ასევე შეახსენა პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირება, რომ არ მოხდებოდა საპატრულო პოლიციიდან თანამშრომლების უმიზეზოდ განთავისუფლება, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც დაუმტკიცდებოდათ დემონსტრაციების დარბევებსა და სხვა უკანონო ქმედებებში მონაწილეობა.
ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პასუხად მიიღო შსს-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსის წერილი. მასში აღნიშნულია, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლები პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილნი არიან შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.
აღსანიშნავია, რომ იგივე მიზეზით და იგივე გარემოებებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 2012 წლის ნოემბერში თბილისშიც გათავისუფლდნენ, რის თაობაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაავრცელა განცხადება (იხ.: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=15947&lang=geo ) და ოპერატიულად მოაწყო პრესკონფერენცია.
ცენტრმა მაშინაც მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და სთხოვა, პირადად დაინტერესებულიყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა პატაკებით და გამოერკვია სამსახურიდან მათი დათხოვნის რეალური მოტივაცია. საინტერესოა, რომ მაშინდელ განცხადებას მოჰყვა დადებითი შედეგი, კერძოდ – პრესკონფერენციიდან მეორე დღესვე საპატრულო პოლიციიდან განთავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგინეს და დღესდღეობით ისინი აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
შეცდომის აღიარებისა და გამოსწორების ასეთი მისასალმებელი პრეცენდენტის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან განთავისუფლებულ პატრულ–ინსპექტორებს შსს უარს ეუბნება სამსახურში აღდგენაზე. ამავე დროს, საფუძვლად იშველიებს პატრულების მიერ ფსიქოლოგიური ზეწოლით დაწერილ პატაკებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს მსგავს ცინიკურ დამოკიდებულებას და შს მინისტრს საჯაროდ მოუწოდებს ყოველგვარი ფორმალობის გარეშე, ობიექტურად დაინტერსდეს სამსახურებიდან მასობრივად გათავისუფლებული პატრულების ბედით. ამავე დროს, შსს-ს გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს გათავისუფლებული პატრულების ინფორმაციით, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ნაცვლად პატრულ-ინსპექტორებად დაინიშნენ ამ საქმის არმცოდნე, არაპროფესიონალი კადრები, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.