მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თემა პოლიტიკურ ელფერს ატარებს - „ახალი მემარჯვენეები“ - 13 მარტი 2013

[myrights.ge] 

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას აზრით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თემა პოლიტიკურ ელფერს ატარებს.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე როგორ ხდებოდა განათლების რეფორმის და მეცნიერების რეორგანიზაციის საბაბით, საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და არასასურველი ადამიანების თუ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოშორება, გაუქმება, "ჩარეცხვა". ყოველი ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად ზარალდებოდა ქართული განათლების სისტემა, ჩვენი უნივერსიტეტები და რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობა. სწორედ მაშინ ვიხილეთ ჩვენ პირველად პოლიცია უნივერსიტეტებში, ქუჩაში გამოყრილი პროფესორ-მასწავლებლები, სამედიცინო კოლეჯის, კადეტთა კორპუსის თუ სპორტის აკადემიის სტუდენტები, რომლებიც უსამართლო გადაწყვეტილებების მსხვერპლნი გახდნენ. სხვათაშორის მაშინდელი ხელისუფლების და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგანაც ისმოდა, რომ ეს ყველაფერი განათლების სისტემის და ჩვენი მომავალი თაობის ინტერესებს ემსახურებოდა.

მაშინ ახალი მემარჯვენეები ვაპროტესტებდით ყველაფერ ამას, გვერდში ვედექით და ვიცავდით უსამართლოდ დაჩაგრულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებს, მეცნიერებათა აკადემიას. დღეს ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ არც ერთ ამ პოლიტიკურ ჩარევას სიკეთე არ მოუტანია არც ქართული განათლების სისტემისთვის და არც მეცნიერებისთვის, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაჭყებიამ და დასძინა, რომ მიუხედავად პოლიტიკურ თემებზე კახა ბენდუქიძესთან ახალი მემარჯვენეების დისკუსიების აშკარად არასასიამოვნო ისტორიისა, დღეს ისინი მოვალენი არიან განაცხადონ, რომ, სამწუხაროდ, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ელფერს ატარებს.

ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეს გადაწყეტილება არ არის ორიენტირებული არც ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა და არც აკადემიური პერსონალის ინტერესების დაცვაზე და რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ამან გამოიწვია დღეს ისევ ქუჩაში საპროტესტოდ სტუდენტების გამოსვლა, აკადემიური პერსონალის უკმაყოფილება და უნივერსიტეტში მობილიზებული პოლიცია, რომელიც ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს ყველა იმ ადამიანში , ვისაც კარგად ახსოვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მძიმე დღეები. ამაზე წაყრუება და პოზიციის არქონა დანაშაულის ტოლფასია და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით.

ამასთან ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა ახალ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, აგრარული სექტორის განვითარება უმთავრეს პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხარვეზები არ არსებობს, პირიქით, ქართული განათლების სისტემა დღეს მართლაც უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს პირველ რიგში უმაღლესი განათლების დაწესებულებებს ეხება. ამიტომ სასურველია აგრარულ უნივერსიტეტს მიეცეს განსაზღვრული ვადა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. რაც შეეხება განათლების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეს გლობალურია და მათი გადაჭრა უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის და აკრედიტაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეცვლის გარეშე ვერ მოხერხდება. ეს ამ სფეროს ექსპერტების და სპეციალისტების აზრია. ამიტომ, მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს : ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა ამ სიტუაციაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის და სისტემის შექმნა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან და არა ასეთი გაუთვლელი და არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა, რომელმაც ბევრი ეჭვი და კითხვა გააჩინა და რაც მთავარია, მართლაც სრულიად არასაჭირო და არადროული აჟიოტაჟი გამოიწვია ქვეყანაში, - განაცხადა ახლების წარმომადგენელმა.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია