[myrights.ge]
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში პრობლემა არ არსებობს და ეს საკითხი პოლიტიკის დონეზე ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო წამოწეული.
როგორც ივანიშვილმა დღეს რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, საკითხი ძალიან მარტივად დგას: თუ ქართველ მუსლიმებს არსებული მეჩეთები სალოცავად არ ჰყოფნით და ახლის აშენების სურვილს გამოთქვამენ, მათ ამის საშუალება უნდა მიეცეთ.
„მეჩეთის თემაზე აჭარლების დამოკიდებულება ვიცი. ძალიან კარგად ვიცი, რაც აჭარაში ხდება. ამ ფონზე მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა თურქეთში. ჩვენ დავმეგობრდით ბატონ ერდოღანთან, ტელეფონები გავცვალეთ. ამ პრობლემას მრავალმხრივ უნდა შევხედოთ. აზიზიეს თემა პროგრამიდან მოიხსნა. მე მადლიერი ვარ ბატონი ერდოღანის, ის ბევრ საკითხს გაგებით მოეკიდა, ბევრ საკითხში ძალიან მოქნილად მოიქცა. კარგად მოისმინა და გაიგო რეალობა. დღეს მეჩეთის საკითხი დგას ძალიან მარტივად: საქართველოში და მათ შორის აჭარაშიც მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს, მე მხედველობაში მყავს საქართველოს მოსახლეობა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ არ არის საკმარისი, ვერ იტევს ის მეჩეთი, რომელიც დღეს ბათუმშია და მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არის ამაზე ამხელა აქცენტი გაკეთებული?! საქართველოში 200 მეჩეთზე მეტია, არასდროს მეჩეთის საკითხი არ წამოწეულა, არასდროს დამდგარა მეჩეთის აშენების საკითხი პოლიტიკის დონეზე... იყო საშუალება და ხალხი ამას აშენებდა და ლოცულობდა. უამრავი ქრისტიანული სამლოცველო აშენდა ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დიდი მეჩეთი შენდება ახლა მარნეულში, 40 კილომეტრშია თბილისიდან და რატომღაც არავითარი ხმაური არ ისმის. წინა ხელისუფლების პირობებში უნდოდათ ამაზე ყურადღება გადაეტანათ. სააკაშვილის პოლიტიკა იყო, რომ ქართველები ვართ ველურები, ჩვენ მხოლოდ მართლმადიდებლობას ვცემთ პატივს და სხვა რელიგიებთან მიმართებაში ვართ შეუმწყნარებლები. ამას ავრცელებდა სააკაშვილი. ხელოვნურად იყო წამოწეული მეჩეთის მშენებლობა აჭარაში. ამაზე უნდოდათ გადაეტანათ ყურადღება და გარეთ ეუბნებოდნენ, რომ აი, ნახეთ, როგორ ექცევიან მუსლიმებს. არადა, ყველაფერი შეიძლება ჩვენ ვისწავლოთ ევროპელებისგან, მაგრამ რასაც შემწყანრებლობა და ტოლერანტობა ჰქვია, ქართველებს ამას ვერავინ ასწავლის. ეს პრობლემა არის ხელოვნურად წამოწეული. ქართველი მუსლიმები ისეთივე ჩვენი მოქალაქეები არიან, როგორც ქართველი მართლმადიდებლები თუ არის მოთხოვნილება, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ აშენდეს მეჩეთი“, - აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ ჩვენს მეზობელ თურქეთსაც უნდა ვცეთ პატივი:
„უნდა მოვიქცეთ ცივილიზებულად: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა კარგ მეზობელთან თურქეთთან და არ უნდა გავაუარესოთ ემოციების გამო“.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომ თურქეთთან საქართველოს მთავრობა შეთანხმებული იყო, რომ ბათუმში აეშენებინათ არა მოქმედი მეჩეთი, არამედ როგორც კულტურის ცენტრი:
„მეჩეთზე ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, როგორც კულტურის ცენტრზე ბათუმში და არა - მოქმედ მეჩეთზე. მე მივესალმები ამ შეთანხმებას, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა ლაპარაკი, რომ ულამაზეს რაბათის კომპლექსს უნდა მივაშენოთ მინარეთები, იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ეგეთი მინარეთები. ეს ახალი რაღაცა გაჩნდა. ის, როცა იყო იქ, როცა თავის დროზე აშენდა, ის ერთი პატარა მინარეთი ჰქონდა, ის ერთი პატარა მინარეთი აღვადგინეთ, რა ოთხი პატარა მინარეთის მიშენებაზე ვლაპარაკობთ? საიდან მოვიდა ეს შარლატანიზმი მართლა და გაუგებარი რაღაცეები? მე ნამდვილად არც მოქმედ მეჩეთში არ ვხედავ პრობლემას, უბრალოდ, ვიძახი“.
15 თებერვალს პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურქეთი ვიზიტის დროს გადაწყდა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების (ოშკი და იშხანი) რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა და საქართველოში ახალი მეჩეთის მშენებლობა. კერძოდ, ბათუმში ქართული ფულით უნდა აშენდეს ახალი მოქმედი მეჩეთი.
საქართველოში ახალი მეჩეთის მოსალოდნელი მშენებლობის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შედგა საქართველოსა და თურქეთს შორის. მაშინდელი შეთანხმებით, ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ბათუმში უნდა აშენებულიყო აზიზიეს მეჩეთი, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
საქართველოში სამთავრობო ცვლილებების შემდეგ განახლდა თურქეთთან ამ კუთხით მოლაპარაკებები, რის შემდეგაც გაირკვა, რომ საქართველოს მხრიდან მოხდებოდა რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღდგენილი ახმედის მეჩეთის ხელახალი რესტავრაცია:
„ლაპარაკია ჩვენი მხრიდან იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რაც დაშვებული იქნა ახმედიეს მეჩეთის რესტავრაციის დროს რაბათში, ახალციხეში. ეს არის ამ ეტაპზე დიალოგის მთავარი თემა. ახმედიეს მეჩეთთან დაკავშირებით რაღაც დეტალების გამოსწორება შეიძლება, მუშაობაა საჭირო, ხელახლა ხარაჩოების მიდგმა და ა.შ“, – განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა გასული წლის დეკემბერში.
რამდენიმე დღის წინ, ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარის მწერალთა კავშირის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მათმა უტიფარმა და სამარცხვინო განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი მუსლიმების მიმართ მათი უარყოფითი დამოკიდებულება“.
როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული, მწერალთა კავშირმა ქართველ მუსლიმებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს უწოდა მატყუარა იმის გამო, რომ მათ განაცხადეს ის რეალობა, რაც ბათუმის მეჩეთში არსებობს - ადგილის სიმცირისა და მუსლიმი მრევლის სიმრავლის გამო, მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს.
„მოცემულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ პრობლემა არა მეჩეთის სახელწოდებას, არამედ მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება. სამწუხარო და დასანანია, რომ ქართველ მუსლიმებს ასე უსამართლოდ გვიპირისპირდებიან ჩვენი ქართველი ქრისტიანი ძმები. ნიშანდობლივია საქართველოს მთავრობის კერძოდ, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც გვაძლევს პირობას ქალაქ ბათუმში მეჩეთის ქართული ფინანსებით მშენებლობის შესახებ“, - აცხადებენ ქართველი მუსლიმები და მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოიქცნენ გონივრულად, არ დაძაბონ მდგომარეობა, არ მოხდეს რელიგიათა შორის შუღლის გაღვივება, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დააზარალოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეიყვანოს ჩიხში.
ქართველი მუსლიმები არ აპირებენ პოზიციების დათმობას და ბოლომდე იბრძოლებენ ბათუმში მეჩეთის აშენებისათვის:
„აქვე მოვუწოდებთ ქართველ მუსლიმებს, ვიყოთ გონივრულები და არ წამოვეგოთ საქართველოს მტრების პროვოკაციებს. აგრეთვე ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, დროულად იმოქმედოს და ქართველ მუსლიმებს გამოგვიყონ, ქართული მიწა, ქართული მეჩეთის მშენებლობისათვის, იქ სადაც ქართველი მუსლიმების სურვილია და არა ქალაქ ბათუმის გარეუბნებში, რაც არ შეესაბამება ჩვენ მოთხოვნილებებსა და სურვილს“.
ქართველი მუსლიმები სთხოვენ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანოებს, დიპლომატიურ კორპუსს, დროულად და მყისიერად ჩაერთონ პროცესში, რათა დაპირისპირებამ არ მიიღოს უფრო რთული ფორმები და აღსრულებული იქნას საქართველოს კონსტიტუციით მათზე მინიჭებული აღმსარებლობის შესახებ უფლებამოსილებების რეალიზება.