[myrights.ge]
რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობას საპალამენტო მუშაობის გამოცდილება არ აქვს. პრემიერის თქმით, ახლა სამი ახალი დეპუტატის არჩევა უნდა მოხდეს და უსუფაშვილი ითხოვს, რომ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არა ცნობილი მსახიობები:
„ჩვენ გვყავს უმრავლესობა პარლამენტში, გამოცდილება არ აქვთ საპარლამენტო მუშაობის. ახლა სამი დეპუტატი უნდა ავირჩიოთ დამატებით, რომელიც მთავრობაში შევიყვანეთ. უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, არ გაბედო და ვინმე ცნობილი მსახიობი ან ვინმე არ შევიყვანო. აუცილებლად მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, უნდა ჰქონდეს გამოცდილება და ასეთ ადამიანებს ვეძებთ. პირდაპირ მახსენებს, ვისი გუნდის წევრიც გინდა იყოს, მან უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს პარლამენტში. ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება, ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს. ჩვენ შევიყვანეთ ჩვენი საყვარელი ხალხი, მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ იქ არის პროცედურა, კანონებით უნდა დავიწყოთ. ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრ წევრს აქვს გამოცდილება და ჩემი სურვილია, მათ მოახდინონ საკუთარი გამოცდილების რეალიზება“.
მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში პირველ რიგში კანონშემოქმედება უნდა იყოს.
ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ჰპირდება, რომ „რამდენიმე თვეში ვერც იცნობს, ისეთი საპარლამენტო უმრავლესობა ეყოლება“:
„ეს არის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება და ვეთანხმები ამაში. ეს საქმიანი განცხადებაა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე არა მხოლოდ უფლებამოსილია შეახსენოს, არამედ ვალდებულია, რომ საკანონმდებლო საქმიანობა ისე უზრუნველყოს, როგორც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მას მმართველ გუნდში ბევრი გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი ჰყავდეს სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, იურიდიულ, ეკონომიკურ და ა.შ. მან ასევე თქვა, რომ ამდენი მსახიობი არ მჭირდებაო, ცოტა ხუმრობით. ჩვენ ასეთი ბევრი გვყავს და ეს მხოლოდ სასიამოვნოა, რადგან ამ ადამიანებს ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული თავის სფეროში და ყველა თავის საქმის პროფესიონალია.
რაც შეეეხება იმას, რომ დებატებში მოვიკოჭლებთ, მე ვერ ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც განსაკუთრებულ უპირატესობას ფლობს ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ თუ იმას გაითვალისწინებთ, რომ მათი სპიკერები 9 წლის განმავლობაში ტრიბუნასთან მუშაობენ და მათ საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილება აქვთ, ეს ძალიან ბუნებრივი და კანონზომიერია. მე შემიძლია ბატონ დავით უსუფაშვილს დავპირდე, რომ რამდენიმე თვეში ვერც იცნობს ისეთი საპარლამენტო უმრავლესობა ეყოლება, რადგან მე ვიცი, რომ ჩემი კოლეგები ძალიან აქტიურად მუშაობენ“.
ამასთან, მიროტაძე აცხადებს, რომ ამ შენიშვნას საკუთარ თავზეც იღებს: „სხვებისგან განსხვავებით, რაღაცეების აღიარება არ გვიჭირს. მე მაქვს დიდი ჟურნალისტური და ნაკლებად საპარლამენტო გამოცდილება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა არ არის“.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არ ეთანხმება. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მას აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილთან „შეკამათება მოუწევს“:
„ნამდვილად არ დავეთანხმები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, თითქოს უმრავლესობა დაკომპლექტებული ჰყავს არაკვალიფიციური კადრებით და გამოუცდელი დეპუტატებით. ამ საკითხში მე მას შევეკამათები, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.