[myrights.ge]
ახალი მთავრობის ქმედებები 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღური, რუსული, ოლიგარქიული კაპიტალიზმის მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას. ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„მე ვგმობ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვაცხადებ, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, კონსტიტუციით აღიარებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღური, რუსული, ოლიგარქიული, კაპიტალიზმის მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას.
ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ“.
„თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი“ აცხადებს, „ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ამორალური განცხადება გააკეთა:
„დიდ შეშფოთებას იწვევს პრემიერის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული არაეთიკური გამონათქვამი. ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი მორიდების გარეშე ეხება ბატონი კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს. იგი სიბრალულის და ცინიზმის ტონით საუბრობს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თურმე საქართველოს პრეზიდენტი იყენებდა ბატონი კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მის საკონტროლებლად.
როდესაც ადამიანს ასეთი აზრები ებადება, ეს უკვე შეშფოთებას იწვევს და ამ ადამიანი ფსიქიკური მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როგორც ჩანს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ხელშეუხებელი თემა საერთოდ არ არსებობს და მან არ იცის, რომ სხვა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი სულ მცირე არაეთიკური და ამორალურია“.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით. კოტე კუბლაშვილი, ისევე, როგორც სხვა მაღალჩინოსნები, არიან მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მხვერპლნი. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ გაუგია კუბლაშვილის შესახებ, რომ იგი არის მექრთამე ან მდიდარი ადამიანი, თუმცა, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კუბლაშვილი ერთი ადამიანისთვის და სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა:
„ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრს ჯეროდა, რომ დემოკრატიული ქვეყანა შენდებოდა და მათ შორის იყო კოტე კუბლაშვილიც. ამავდროულად, სასამართლოს იმ ნაწილში, რომელიც არ ეხებოდა პოლიტიკას, მართლა ბევრი ძალიან კარგი რამ გაკეთდა“.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კოტე კუბლაშვილს ჰქონდა ძალიან მძიმე დაავადება და მას პრეზიდენტი დაეხმარა, რის გამოც კუბლაშვილი სააკაშვილისგან თავს მუდმივად დავალებულად გრძნობდა. პრემიერ-მინისტრმა აქვე დასძინა, რომ ამ ფაქტის გახსენების გამო იგი თავს უხერხულად გრძნობს.
ივანიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური კადრია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს.