[myrights.ge]
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ყოფილი ექიმები თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას ტყუილის თქმაში ადანაშაულებენ.
როგორც „მედიანიუსს“ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ყოფილმა ექიმმა ლევან ლომსიანიძემ განუცხადა, 2 დღის წინ ქაცარავამ იცრუა, როდესაც მედიასაშუალებებთან თქვა, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე თანამდებობიდან გადადგა.
ლომსიანიძის ინფორმაციით, ჩიხრაძე თანამდებობდიან არ გადამდგარა და დღემდე განცხადებებს ჩიხრაძე აწერს ხელს. მისივე თქმით, უფრო მეტიც, ქაცარავა ჩიხრაძის დაწინაურებას გეგმავს.
როგორც ლომსიანიძემ აღნიშნა, თუ ორშაბათამდე სიტუაცია არ შეიცვლება და კახა ჩიხრაძის გადადგომის ოფიციალური დოკუმენტი არ დაიდება, ისინი თბილისის მერიასთან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ყოფილი ექიმები სამსახურში აღდგენისა და ცენტრის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით ერთი კვირა შიმშილობდნენ. შიმშილობა კი გუშინ შეწყვიტეს, რადგან მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, რომ სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა.
ხოლო დღეს, მამუკა ქაცარავა აცხადებს, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი კახა ჩიხრაძე ორშაბათიდან შვებულებაში გადის და სასწრაფოში აღარ დაბრუნდება. მისივე თქმით, ჩიხრაძის წასვლა სასწრაფოდან გადაწყვეტილი საკითხია, მაგრამ არის პროცესუალური მხარეები, რომლებიც დღეს ვერ გადაწყდება:
„სასწრაფოს მმართველობა გადაიბარა მმართველობითმა საბჭომ, რომელზეც დებულებით ბრძანებას წერს დირექტორი. ჩიხრაძეს ეს ბრძანება დღეს უნდა დაეწერა და ამიტომ ჯერჯერობით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრშია. მაგრამ ორშაბათიდან ჩიხრაძე გადის შვებულებაში და სასწრაფოში აღარ დაბრუნდება. ერთი კვირის შემდეგ, ჩიხრაძე შვებულებიდან არ დაბრუნდება და მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროში ან ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში განაგრძობს“.
მისივე თქმით, გუშინ, სასწრაფოს მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდა და მასში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მზია ჯოხიძე, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნიკოლოზ შიშნიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ ჯალაბაძე, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი თინათინ შელია, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი გოჩა გვენეტაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი გია ხეჩინაშვილი და საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენელი კახა ფირუაშვილი.
ქაცარავას ინფორმაციით, კახა ჩიხრაძე საბჭოს გადააბარებს ყველა საქმეს და მათ ყველა საკითხს გააცნობს. მისივე თქმით, ახალი დირექტორის კანდიდატურაზე კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.