[myrights.ge]
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს სამართლებრივ სტაბილურობასთან მიმართებაში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს:
„კანონპროექტი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს სამართლებრივ სტაბილურობასთან მიმართებაში. სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ მოსამართლეთა უსაფრთხოება და სამართლებრივი სტაბილურობა, რაც ნიშნავს, რომ დაუშვებელია სასამართლოს, საბოლოო ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა რომელიმე სხვა ორგანოს მიერ“.
მისივე განმარტებით, მსგავსი კომისიების შექმნის მაგალითები მსოფლიოში არსებობს, მაგრამ „ისინი ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებების შინაარსიდან და სფეროდან არ გადიან“:
„წარმოდგენილი კანონპროექტი კი, ითვალისწინებს ყველა მიმართულებით გადასინჯვას და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კრიტიკული შენიშვნები. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტის ავტორები ჩემს შენიშვნებს გაითვალისწინებენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი პრინციპია“.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს აზრით, „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა შესაძლებელია, თუ მისი წევრები დამოუკიდებლები იქნებიან“:
„როდესაც ეს იდეა მოვისმინე, რეალურად შევშფოთდი, მაგრამ დღეს შევხვდი იუსტიციის მინისტრს, რომელმაც ამიხსნა სრული კონტექსტი, სპეციფიკა ამ კომისიისა. ეს იქნება დამოუკიდებელი კომისია, მსგავსი ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე ევროპული კომისიისა, რომელიც სასამართლოს რეკომენდაციებს უმზადებდა. თუ იქნება გარანტიები რომ კომისიის წევრები დამოუკიდებლები იქნებიან, ასეთი კომისიის შექმნა შესაძლებელია“.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრის ინიციატივით, მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისია შეიქმნება, რომელიც უკანონოდ მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედავს:
„კომისია პირველ რიგში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებს გადახედავს, იქ სადაც ბოლომდეა ამოწურული გასაჩივრების გზები და განაჩენი აშკარად დაუსაბუთებელია. კომისია გადახედავს სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, სადაც დავის ღირებულება იქნება მაღალი. კომისია იქნება დროებითი ორგანო. მისი დასკვნა გადაიგზავნება სასამართლოში და ესეც იქნება საფუძველი, რომ ახლადგამოვლენილი გარემოება იყოს დადგენილი“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მისი თქმით, ინიციატორებმა არჩევანი დროებითი კომისიის შექმნის სასარგებლოდ გააკეთეს ნაცვლად იმისა, რომ „დაგროვილი უკანონობების“ შესწავლა იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში განხორციელებულიყო.
მინისტრის ინფორმაციით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს კანონპროქტის თანახმად, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავა.