[myrights.ge]
მედიის განვითარების ფონდი ტელეკომპანია „მაესტრო“ ეთერში გასულ გადაცემა „პოლიტმეტრში“ მოწვეულ რესპოდენტის კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ, ჩვენი აზრით, სახიფათო პრეცედენტებზე, რომელმაც თავი იჩინა ქართულ მედიასივრცეში და ადამიანის პირადი საიდუმლოების გასაჯაროებას ეხება.
მიმდინარე წლის 14 მარტს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასულ გადაცემა „პოლიტმეტრში“ მოწვეულმა რესპოდენტმა, მინდია უგრეხელიძემ, კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრის მიერ საქრთველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე და ბრძანა: „ . . . ადამიანი, რომელიც შეპყრობილია რომელიმე მძიმე სენით და რომელიც განიცდის მთავრობის ძლიერ მხარდაჭერას, საერთოდ უნდა ჩამოშორდეს მართლმსაჯულებას იმიტომ, რომ იგი აღარ შეიძლება იყოს მიუკერძოებელი“.
ჩვენ არ განვიხილავთ რესპოდენტის განცხადების ეთიკურობასა და ფაქტთან შესაბამისობას, თუმცა ყურდღებას ვამახვილებთ თავად თოქშოუს წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის ჟურნალისტურ პოზიციაზე ამ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ მას, როგორც გადაცემის წამყვანს უნდა მიეთითებინ რესპოდენტისთვის ასეთი განცხადების გაკეთების დაუშვებლობაზე, რადგან შეილახა არა მარტო ადამიანის პირადი საიდუმლოების დაცვის ვალდებულება, არამედ მისი პიროვნული და პროფესიული ღირსება.
სამწუხაროდ, რესპოდენტის არაკორექტულ გამონათქვამებზე რეაგირების უგულვებელყოფა წამყვანებისა და ჟურნალისტების მიერ ტენდენციად იქცა საქართველოს სხვადასხვა მედია-საშუალებებში.
ამიტომ, გვინდა შევახსენოთ მედიას მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ის დებულება, რომელიც მათ ავალდებულებს, „დაიცვან ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის“ (მუხლი 34). მით უფრო, რომ სადისკუსიო საკითხს – სასამართლო რეფორმას არავითარი კავშირი არ აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რაც პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და დაცულია კანონმდებლობით. პროფესიული სტანდარტი მოითხოვს, რომ რესპონდენტის მიერ ასეთი დაუსაბუთებელი პარალელის გავლების შემთხვევაში, ინტერვიუერმა ადეკატური რეაგირება მოახდინოს მსგავსს არალეგიტიმურ და არაეთიკურ გამოხატვაზე“.