მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით სააკაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს - 16 მარტი 2013

[myrights.ge]

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი,  პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პასუხობს.  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

2013 წლის 16 მარტს მოსამართლეებთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე და გააკრიტიკა მისი მუშაობა. მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტის ძმა არ უნდა მართავდეს მომავალ და არსებულ მოსამართლეთა განათლების პროცესს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორად მე დავინიშნე 2001 წელს, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, რათა თავიდან ამეცილებინა პოლიტიკური სპეკულაციების გამძაფრება, რაც უარყოფითად აისახებოდა სკოლის განვითარების პროცესზე.

ქალბატონი თეა სკოლის საქმიანობის შეფასებისას ცრუობს! ბოლო 10 წლის მანძილზე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, სკოლამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და პროფესიონალი მოსამართლეების მომზადების/გადამზადების ცენტრი გახდა. მინისტრი ძალიან ცდება, როდესაც ამ სკოლის ყველაზე დიდ განსაცდელად მე მასახელებს, ჩემი პრეზიდენტთან ნათესაური კავშირის გამო!

მინდა მივმართო ქალბატონ თეას: ის დღეს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამინისტროს და არ შეეფერება ამგვარი უპასუხისმგებლო, პოლიტიკური განცხადებები. დემოკრატიულ სახელმწიფოში გვარებად საზოგადოების დაყოფა დაუშვებელია. ეს მას უნდა ესმოდეს, როგორც დასავლური ღირებულებების მატარებელ სახელმწიფო მოღვაწეს. ვაცხადებ, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი კონსტიტუცია იცავს ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობენ ჩვენი ძმები და მამები.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთა მჭედელი.

წულუკიანმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა და აღნიშნა - ეს მისასალმებელია თუნდაც იმ კუთხით, რომ გარეგნული მხარე ბევრს ნიშნავს“:

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტის შემდეგ მომდევნო ეტაპი იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა. ადრე როცა ბავშვებს და სტუდენტებს ეკითხებოდნენ, ვინ უნდოდათ გამოსულიყვნენ, პირველ რიგში პასუხობდნენ, რომ სურდათ მოსამართლეები გამხდარიყვნენ. დღეს ეს სამწუხაროდ, ასე არ არის და ჩემი მიზანია, რომ ისევ ასე იყოს და ამაში სკოლამ უნდა ითამაშოს წამახალისებელი როლი. როგორც იცით, სკოლის დირექტორი არჩევნების შემდეგ გადადგა. მე მის საქმიანობას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სკოლა შავ დღეშია. რატომ არის დირექტორის გადადგომა კარგი ამბავი? თუნდაც იმიტომ, რომ გარეგნული მხარე ბევრს ნიშნავს და პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთა მჭედელი. სკოლას უფრო ძლიერი რეფორმა სჭირდება და ამას თქვენთან ერთად შევიმუშავებ.

მისივე განმარტებით, გადახედვას საჭიროებს ასევე დისციპლინური პროცედურები, რასთან დაკავშირებითაც კანონპროექტის შემუშავების დროს იუსტიციის სამინისტრო მოსამართლეთა აზრსაც გაითვალისწინებს:

ასევე, დიდი ინტერესია ჩვენი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება საერთო სასამართლოების ის დაწესებულება, რომელიც მართავს ფინანსებს. ძალიან საინტერესოა ეს ფინანსები ხმარდება თუ არა თქვენს დამოუკიდებლობას. შეიძლება ესეც გარკვეულ შესწორება-რეფორმას საჭიროებდეს, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჩანასახის დონეზეა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია