მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ალექსანდრე ვერშბოუ - ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება - 17 მარტი 2013

myrights.ge] 

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის პანელში განიხილეს. თავდაცვის უწყების ინფორმაცით, მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. პანელი ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. თემაზე მსჯელობისას მომხსენებლები იყვნენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ელჩი კურტ ვოლკერი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო დუკანოვიჩი და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენზი.

ალექსანდრე ვერშბოუმ ალიანსის გაფართოების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ნატოს დღის წესრიგში მთავარი ადგილი უკავია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

საქართველოს უნიკალური სტატუსი აქვს. ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ნატოს წევრი გახდება, – განაცხადა ვეშბოუმ. მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. გამოსვლაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველოში გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და მთავრობასა და ოპოზიციას შორის კოჰაბიტაციის გამოწვევაზეც ისაუბრა:

დღესდღეობით, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში. როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციის ნაწილი, ამ ქვეყანას ბევრი მსხვერპლიც ჰყავს. საქართველოს პასუხისმგებლობაც აქვს აღებული, რეგიონული სტაბილურობა ძალის გამოყენების გარეშე განავითაროს.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის პანელში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო. მან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწიელობის შესახებ ისაუბრა

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, ნატო- წარვუდგინოთ, რომ ჩვენ ფუნდამენტურად დემოკრატიული ერი ვართ, ვინაიდან ეს გამოცდა ჩავაბარეთ. საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. არჩევნების შემდეგ რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაძლიერებლად ვიბრძვით. ჩვენ ასევე ვცდილობთ, ვიყოთ რეალურები და გვქონდეთ რეალური პოზიცია რუსეთთის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ გვქონდეს ამ ქვეყანასთან სამუშაო ურთიერთობა. ამავე დროს, გზავნილებს ვაძლევთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, რომ ჩვენ ნამდვილად განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, პოლიტიკურ ნებას, რომ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც ერთობლივი თანაცხოვრება შეგვეძლება. ეს სტაბილური და მშვიდობიანი პროცესი იქნება. 

თავდაცვის მინისტრმა პანელის მომხსენებლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ შეკითხვაც დაუსვა. ირაკლი ალასანიას შეკითხვას ელჩმა კურტ ვოლკერმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუმ უპასუხეს. მათი განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების გატარება, ასევე, რეგიონული ურთიერთობების დარეგულირება. მათივე თქმით, ამ პროცესს ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალყურს.

მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართული "ბრიუსელის ფორუმი" დღეს სრულდება.

შეგახსენებთ, 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია