[myrights.ge]
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცდება, როცა აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია:
„მე მგონი, პრემიერი ცდება, როცა ამას ამბობს, რადგან ვისთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, როცა ინიშნები ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უკვე გაქვს ერთადერთი იდეოლოგია და ეს არის სასამართლოს დემოკრატია, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, სასამართლო იყოს მისაბაძი და ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ და პირადად მე 8 წლის განმავლობაში ამისთვის ბევრი გავაკეთე“.
კუბლაშვილის განმარტებით, ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამოჩნდა:
„ეს ახლა უფრო კარგად ჩანს, როცა სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ესაა მაჩვენებელი იმისა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად, ჩემგან და პირველ რიგში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება“.
ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ გაუგია კუბლაშვილის შესახებ, რომ იგი არის მექრთამე ან მდიდარი ადამიანი, თუმცა, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კუბლაშვილი ერთი ადამიანისთვის და სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა:
„ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრს ჯეროდა, რომ დემოკრატიული ქვეყანა შენდებოდა და მათ შორის იყო კოტე კუბლაშვილიც. ამავდროულად, სასამართლოს იმ ნაწილში, რომელიც არ ეხებოდა პოლიტიკას, მართლა ბევრი ძალიან კარგი რამ გაკეთდა“.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კოტე კუბლაშვილს ჰქონდა ძალიან მძიმე დაავადება და მას პრეზიდენტი დაეხმარა, რის გამოც კუბლაშვილი სააკაშვილისგან თავს მუდმივად დავალებულად გრძნობდა. პრემიერ-მინისტრმა აქვე დასძინა, რომ ამ ფაქტის გახსენების გამო იგი თავს უხერხულად გრძნობს.
ივანიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური კადრია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს.