მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება - 18 მარტი 2013

[myrights.ge] 

დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრ, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება. მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო აგრარულ უნივერსიტეტთან მიმართებაში კანონის ფარგლებში მუშაობდა.

ჩვენ ავტორიზაციის მინიჭების პროცესს მაქსიმალურად დავაჩქარებთ. სისულელე იქნება, რომ პროცესი უკანონოდ განვახორციელოთ. ბატონი ბენდუქიძე დაემორჩილა კანონმდებლობას და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ კახაბერს, მაგრამ თუ ეცდება კანონი დამარღვევინოს, მაინც არ დავარღვევ. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ არის პოლიტიკური მზაობა, რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას ეს პრობლემა.

მინისტრის აზრით, კომიკურია 12 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა:

ჩვენ ახლა კომიკურ ვითარებაში ვართ. აგრარულმა უნივერსიტეტმა გამოასწორა შეცდომა. მინისტრი ამბობს, რომ ავტორიზაცია მიეცემა; ახლა სტუდენტების გადასაწყვეტია, უნდათ ავტორიზაცია თუ უნდათ პოლიტიკა. ამგვარი მოთხოვნა თითიდან გამოწოვილია იმისთვის, რომ ბენდუქიძემ პოლიტდევნილის სტატუსი შეინარჩუნოს, რაც უკვე შეუძლებელია.

განათლების მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობოებთან შეხვედრაზე ავტორიზაციის მინიჭების სავარაუდო ვადებიც დაასახელა. მარგველაშვილის ვარაუდით, აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციას დაახლოებით ორ-სამ კვირაში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს . 80 გვერდიან დასკვნას საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად საღამოს 20.00 საათიდან დილის 05.00 საათამდე განიხილავდნენ.

საბჭოს თავმჯდომარის, კახი ყურაშვილის განცხადებით, ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტში დაინიშნა მხოლოდ მიწვეული პერსონალი და დირექტორის გადაწყვეტილებით, გაბათილდა პერსონალის შერჩევის საკონკურსო გადაწყვეტილებები.

მორიგ არსებით დარღვევად ჩაითვალა სავალდებულო ლიტერატურის არქონა, ასევე, განათლების აღიარების წესთან დაკავშირებით არსებული დარღვევები. კერძოდ, საუბარია სტუდენტთა სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და შეცვლის საკითხებზე. დარღვევებს შორის ასევე დასახელდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც კახი ყურაშვილმა აღნიშნა, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, სტუდენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, მომდევნო სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამავე პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა, აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ხელახალი განაცხადი წარადგინოს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია