[myrights.ge]
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას.
„ეს არის საკითხი, რომელიც არ გასცილებია შიდა, საკრებულოში განხილვის ფარგლებს. ეს არ არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას პარლამენტში, მასზე არ შემოსულა არანაირი ოფიციალური მომართვა და არ იხილება. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ნაბიჯი, რომ დაიწყოს ტირაჟირება ამ თემის და ხელოვნურად შექმნას ძალიან ნეგატიური ფონი. ვფიქრობ, ამ თემას მოყვება გაგრძელება მათი მხრიდან, ვანო მერაბიშვილის ბრიფინგები და ა.შ.“, - აცხადებს ბესელია და დასძენს, რომ ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და მათ თავის გუნდში უნდა გაარკვიონ, რატომაა ამ თემასთან დაკავშირებით აზრთა ასეთი შეუთანხმებლობა.
ბესელიას მტკიცებით, ხელისუფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესების შესაბამისად მიიღებს, ამავე დროს, არც ერთი რეგიონის და ეთნიკური უმცირესობის ინტერესი დარღვეული არ იქნება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯავახეთის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონსულტაციებს სთავაზობს. პარტიის ერთ-ერთი წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არასწორ ნაბიჯებს დგამს:
„ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა, როგორიც იყო ვაჰგან ჩახალიანის გამოშვება და მისი გმირად ქცევის კამპანია, ასევე, ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა ტოროსიანი, უფლების მიცემა, რომ საქართველოში იაროს და პოლიტიკური საქმიანობა აწარმოოს, ძალიან არასწორია. ჩვენ ვთავაზობთ მათ კონსულტაციებს ამ საკითხებზე, რადგან ყველამ იცის, რომ ამ მიმართულებით თითქმის უპრობლემო ვითარება იყო შექმნილი და კარგი მდგომარეობა იყო ჯავახეთში. ამ ვითარების შელახვა არავის ინტერესებში არ არის“.
ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლანა ღოღობერიძე რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებაში სეპარატიზმის წახალისების საფრთხეს ხედავს. მისი აზრით, ამის გაკეთება საქართველოსთვის ძალიან საშიშია,
„ერთის მხრივ, დღევანდელი ტენდენციაა, რომ ევროპა დეცენტრალიზაციისკენ მიდის და მართლაც, ჩვენ ამ ვალდებულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი. მეორე მხრივ, ეს სეპარატიზმის წახალისებაა, რაც ჩვენნაირი ქვეყნისათვის მართლაც ძალიან საშიშია. ახლა როგორღაც ამ საკითხს გვერდი უნდა ავუაროთ, რაზეც თან ლაპარაკიც კი უხერხული და ძნელია. ფაქტია, რომ ჩვენ ამ მხრივ ძალიან გვიჭირს და იმის ფუფუნებაც არა გვაქვს, რაც აქვთ საფრანგეთს თუ ესპანეთს, როცა ბასკები მოითხოვენ რაღაცას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლანა ღოღობერიძემ.
ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანას არც იმის ფუფუნება ჰქონდა თავის დროზე, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, რეგიონული ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების ვალდებულებაზე უარი ეთქვა:
„არის ფუნდამენტური დებულებები, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი. ჩვენთვის ეს პრობლემა ყოველთვის იდგა, მაგრამ მაშინ ასე გამწვავებული, როგორც დღესაა, არ იყო. საქართველოს არც იმის ფუფუნება ჰქონდა, რომ ამ ვალდებულების აღებაზე უარი ეთქვა. მაშინაც იყო პოზიცია, რომ ზოგადი დებულებაა და მალე ვერ გახორციელდება. ჩვენ იზოლაციაში მოხვედრა არ შეგვიძლია, ეს ტრაგიკული იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ის რაც ჩვენთვის მართლა მიუღებელი და მძიმეა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ უნდა გავაკეთოთ“.
მისივე მონაცემებით, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების ვალდებულება ევროსაბჭოს წევრ ყველა ქვეყანას აქვს აღებული, „მაგრამ ყველა უფრთხის და ცდილობს, ქვეყნის საერთო ინტერესები არ დააზიანოს“: „ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ“.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. მათ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვაც მოამზადეს. მოთხოვნას ახალქალაქის დეპუტატები საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებას უკავშირებენ.
„შესაძლოა, ჩვენ იმის მომსწრენი ვართ, რომ 2013 წლის 14 მარტი ჩვენი ხალხის ბიოგრაფიაში ოქროს ასოებით შევა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სახელმწიფოს, დღევანდელ მთავრობას, რომ ეროვნულ უმცირესობებს ასეთი საკითხების განხილვის საშუალებას აძლევს“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსესიანმა.