[myrights.ge]
შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ცოლის ნათესავების საჯარო სამსახურებში დანიშვნა დისკომფორტს არ უქმნის. ამის შესახებ მინისტრმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
„თქვენი და დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში, თქვენი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი შსს-ში გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა, თამაზ თამაზაშვილის და თამარ თამაზაშვილი - დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად, თამარის მეუღლე ვასიკო აბულაშვილი კახეთის ენრგოდისტრიბუციის სერვის-ცენტრში აღრიცხვის სამსახურის უფროსად და ა.შ. რა კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა?“, - იკითხა ნადირაშვილმა.
„ის არ არის ჩემი ნათესავი, თქვენ არ გაგიგიათ, ცოლის ნათესავი ჩემი არ არის. ეგ ერთი გამოაკელით და დანარჩენი გაბათილდა. ეს კითხვა ჩემთვის სერიოზული არ არის. თქვენ ახსენეთ ჩემი სიმამრის და, რომელიც არჩევნების დროს სამსახურიდან გააგდეს. ძმა ერთ წელი აბსოლუტურად უსამართლოდ ციხეში იყო დატყვევებული, იყო თქვენი პატიმარი. თქვენი საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთ მთავარი მესიჯი იყო „თამაზაშვილი გინდათ დაბრუნდესო?“ გეტყვით, ძალიან საინტერესო ფაქტს. როცა მე-8 საპყრობილეში ჩემი სიმამრი იჯდა, მისი მოწამვლის რამდენიმე მცდელობა იყო. ამაზე გამოძიება დაწყებულია, დაკითხულია უკვე მოწმე. ადამიანი, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა, მორგში ჩაიყვანეს. ამაზე არსებობენ მოწმეები. შემდეგ გადაიყვანეს, მომაკვდავ ადამიანთან ერთად დააწვინეს და აყურებინეს, როგორ გარდაიცვალა. ამის შემდეგ იყო ჩემი ოჯახის თითოეულ წევრზე ზეწოლა – იქნებოდა ეს ჩემი ცოლის ძმა, ჩემი და, რომელიც ინგლისურის ძალიან კარგი პედაგოგია და ჩემთვის ყოველთვის მისაბაძია. ჩემი სიმამრის და, რომელიც გააგდეს სამსახურიდან, ახლა აღადგინეს. ამაზე რა ვქნა, თავის მართლება დავიწყო?! ამას არ ვაპირებ. აკაკი მინაშვილის და ჩემს სამინისტროში ჯერ კიდევ მუშაობს, ასევე მისი ცოლი, დონაძის და, ვასილ სანოძის დეიდაშვილი, შოთა ხიზანიშვილის მთელი სანათესაო, ხატია დეკანოიძის მამა და აღარ გავაგრძლებ, რადგან არასარიოზულია ეს ყველაფერი“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ეს ყოველივე არანაირ დისკომფორტს არ უქმნის: „იმიტომ არ უნდა დამენიშნა, რომ ჩემი ცოლის ნათესავია? მიმაჩნია, რომ ამაში არავითარი დარღვევა არ არის. არავითარი უხერხულობა და დისკომფორტი არ მაქვს. მე ის არ შემირჩევია იმიტომ, რომ ჩემი ნათესავია. ის არის კარგი მენეჯერი და საქმეს ძალიან კარგად მისრულებს“.
ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროში თანამშრომლების მიღება კონკურსით ხდება, უბრალოდ ეს წესი დროებით შეიცვალა:
„კონკურსების გარეშე თანამშრომლების აყვანა არ ხდება. ჩვენ უბრალოდ დროებით შევცვალეთ წესი, მაშინ როცა სოდ-ის ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტთან შერწყმა მოხდა. სოდ-ში მანამდე ინსპექტორები და ინსპექტორ-გამომძიებლები მუშაობდნენ, ხოლო დეპარტამენტში დეტექტივები, მათი გათანაბრებისთვის მოხდა წესის შეცვლა. როცა მე მინისტრად დავინიშნე, მივიღე გონივრული გადაწყვეტილება და ქუჩები პოლიციის გარეშე არ დავტოვე, სწორედ ამიტომ დავუშვით ეს გამონაკლისი. ჩემი ამოცანაა, რომ პოლიციელების კვალიფიკაცია ავამაღლო. მე არ ვიცი ძველ კადრებში ვის გულისხმობთ, თუმცა ჩვენ დავიწყეთ CV-ბის მიღება სტუდენტებისგან, ბაკალავრებისგან და მაგისტრანტებისგან, გვსურს თავიდან გამოსაცდელი ვადით სტაჟიორებად დავასაქმოთ ისინი და ამით გავაახალგაზრდავოთ სამინისტრო“.
მინისტრის განცხადებით, ამნისტირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, კრიმინოგენური ვითარების გაუარესების ნიშნები არ შეიმჩნევა: „მინდა, აღვნიშნო, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება და ამნისტირებულ პირთა დიდი ოდენობის მიუხედავად, მისი გაუარესების ნიშნები არ შეიმჩნევა“.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სამინისტროს სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, კერძოდ, გაუქმდა ე.წ. კუდ-ი და სოდ-ი და მათ მაგივრად ახალი სააგენტოები შეიქმნა. მინისტრის თქმით, ჩამოყალიბდა რეფორებისა და განვითარების სააგენტო:
„პირველად შსს-ს ისტორიაში, ჩვენი სამინისტროს განვითარების სტრატეგია შეიქმნა, რისთვისაც მინდა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აშშ-ის საელჩოს დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, საზოგადოებას გავაცანით პოლიციელთა ეთიკის კოდექსი, რომელიც დასკვნისთვის ევროსაბჭოს გადაეგზავნა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მის შექმნაშიც დიდი როლი ითამაშეს“.
„ჩახალიანი მე არ გამომიშვია“, - აცხადებს ღარიბაშვილი. იგი უმცირესობის წევრ გიორგი გაბაშვილის მიერ სამცხე–ჯავახეთში შექმნილ ვითარებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პრობლემა ბოლო დროს, ამნისტიის შემდეგ გაჩნდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ რჩევები არ გაითვალისწინა და ციხიდან ჩახალიანი და მსგავსი ადამიანები გამოვიდნენ.
გაბაშვილის თქმით, ამ ტიპის ადამიანების აქტიურობამ ზოგადად საფრთხე შეიძლება გააჩინოს და ამის პირველი ნიშნები უკვე შეინიშნება: „არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც ამ მიმართულებით პრობლემების შექმნა სურთ“.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, პოლიტპატიმართა სიასთან დაკავშირებით სამინისტრო გარკვეულ საკითხებს არ ეთანხმებოდა:
„სამინისტროს პოზიცია პარლამენტის პოზიციასთან თანხვედრაში არ იყო. პოლიტპატიმართა სიის ნაჩქარევად გადახედვას არ ვეთანხმებოდით. მაგრამ პარლამენტს დრო არ ჰქონდა და გადახედვა ნაჩქარევად მოხდა. იქ იყო კონკრეტული გვარები, რომლებზეც დღემდე გვაქვს კითხვები. მათ შორის იყო ჩახალიანი. ჩახალიანი მე არ გამომიშვია. გარანტიას გაძლევთ, რომ დღეის მდგომარეობით საშიშროება არ არის. ჩვენ ვფლობთ სიტუაციას რეგიონში, რომელიც თქვენ ახსენეთ. იქ არ არის მკვეთრი მოძრაობები, რაც მომცემს საფუძველს განვაცხადო, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება“.
მინისტრის განცხადებით, მან იჩქარა, როდესაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ კახეთში არჩევნების წინა ღამეს დაღუპული 9 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება მალე დასრულდებოდა. ამ ნაჩქარევი განცხადების გამო იგი საზოგადოებას და რაფალიანცის ოჯახს ბოდიშს უხდის. ღარიბაშვილის თქმით, ეს საქმე გამოსაძიებლად საკმაოდ რთულია:
„ამ საქმის გამოძიება ცხელ კვალზე არ მოხდა. სამწუხაროდ, ერთი თვე გამოძიების თვალსაზრისით რეალურად დაიკარგა, საქმე გარკვეულწილად, ჩიხში შეიყვანეს. მე მაშინ ვიჩქარე, როცა განვაცხადე, რომ ძალიან მალე გვექნებოდა საშუალება საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა მოხდა და გამოძიების შედეგებს წარვუდგენდი. მინდა ამასთან დაკავშირებით ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და პირველ რიგში, რაფალიანცის ოჯახს იმიტომ, რომ ნაჩქარევად მომივიდა განცხადების გაკეთება. იმ ეტაპზე სხვა ინფორმაცია მქონდა. საქმე არ არის მარტივი, მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება და გვაქვს რეალური პერსპექტივები მისი გახსნის“.
რაფალიანცის საქმეზე შს მინისტრს კითხვა კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა დაუსვა. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ამ საქმის გამოძიება შეგნებულად ფერხდება, რადგან თავის დროზე რაფალიანცის მკვლელობაში მისმა კონკურენტმა გურჯაანის რაიონში მანანა ბერიკაშვილმა სწორედ ის დაადანაშაულა. ღვინიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების წინა ღამეს ბერიკაშვილის შესაბამისი განცხადება ცრუ დასმენის ნიშნებს შეიცავდა და ამიტომ მის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრას უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიც ესწრებოდა. შს მინისტრმა ქუცნაშვილს ხუმრობით მიმართა - „უმცირესობაში გადმოხვედი ზაქარია? შენ არავის დაუპატიჟებიხარ მე მგონი“. ღარიბაშვილმა ქუცნაშვილს სთხოვა, დაეტოვებინა დარბაზი და აღნიშნა, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს.
„რომც სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ“,-მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი აღნიშნა, რომ მათ დისკომფორტი არ აქვთ და პრობლემა არ იქნება, თუ უმრავლესობის წევრი დარბაზში დარჩება: „ერთი თხოვნა უბრალოდ, რომ დისკუსიებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სხვა მხრივ, ღია სხდომაა და პრობლემა არ არის“.
შინაგან საქმეთა მინისტრი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია და ამ პოზიციის დაცვას მტკიცედ აპირებს, მათ შორის პარლამენტშიც. უმცირესობასთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას არ ეთანხმება და ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა დარჩეს ისე, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ნარკოტიკების უკანონოდ გავრცელება-მოხმარების თვალსაზრისით, პრობლემატურ საკითხს ნარკოტიკული საშუალებების კუსტარული წესით დამზადება და მოხმარება წარმოადგენს, რაც შედეგად სწრაფად გარდაცვალებას იწვევს. როგორც ღარიბაშვილმა უმცირესობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა 400-მდე პრეპარატის იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც ნარკოტიკს შეიცავს და რომელთა გაცემაც რეცეპტის წარდგენის გარეშე არ მოხდება: „სხვა მხრივ, ნარკოტიკი საქართველოში არ შემოდის“.
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინილიზაციის ინიციატივით პარლამენტში დეპუტატი კობა დავითაშვილი გამოვიდა. მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით განსაზღვრის პრინციპი. ხორციელდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინილიზაცია და ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება არ იქნება. ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სახელმწიფო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლება, რომელთა მიმართებაშიც კობა დავითაშვილის ინიციატივის თანახმად, სანქციები იზრდება. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით 300 ლარის ოდენობის ჯარიმით დასჯადი ქმედება იქნება, განმეორების შემთხვევაში 600 ლარის, ხოლო კიდევ უფრო მეტჯერ განმეორების შემთხვევაში - 3 500 ლარის ან ადმინისტრაციული პატიმრობის 60 დღემდე ვადით.
ამასთან, დავითაშვილი პარლამენტს სთავაზობს, ჯარიმის გადახდისას ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს გათავისუფლების შესაძლებლობა მიეცეს, თუკი თანახმა იქნება, გადახდილი ჯარიმის თანხით სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში განაგრძოს მკურნალობა.
საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტზე დებატებით დასრულდა.
დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა მინისტრს მიმართა, რომ ის უძლური აღმოჩნდა იმ ხალხის წინაშე, ვის მიმართაც პოლიტიკური ვალი აქვს და პოლიციამ 8 თებერვალს თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ოპოზიციამ ხაზგასმით განაცხადა ისიც, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არანაირი კორიდორი მოწყობილი არ ყოფილა და მინისტრს მოსთხოვა, „კომპიუტერული თამაშების“ ნაცვლად, მათთვის შესაბამისი კადრები წარედგინა.
თავის მხრივ ღარიბაშვილმა წესრიგის ვერ უზრუნველყოფის გამო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შეცდომების დაშვება მათი მხრიდან მოხდა:
„რეალობა იყო შემდეგი: სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვეტილი იყო. ისინი ჩვენთან საერთოდ არ თანამშრომლობდნენ. როდესაც პრეზიდენტი ბიბლიოთეკაში მისვლას აპირებდა, მინიმუმ წინა დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენთან შეთანხმებული ერთჯერადი გეგმა, რადგან იქ ჩვენ დამხმარე როლს ვასრულებდით. ეს არ მოხდა. მეორე დღეს, დღის სამ საათზე, სპეციალური დაცვის სამსახურიდან შეტყობინება მომდის, რომ ადგილობრივი განყოფილებიდან რამდენიმე თანამშრომელი და ორი ეკიპაჟი ესაჭიროებათ. როდესაც ადგილზე მივიდნენ, შენობა უკვე სავსე იყო დემონსტანტებით. დავანებოთ თავი ყველაფერს, როდესაც პრეზიდენტი გადაადგილდება და მისვლას აპირებს, რატომ არ იყო შენობა დაკეტილი ან დალუქული?!“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თქმით, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი რომ ყოფილიყო, პროვოკაციის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება კორიდორების საკითხს, შს მინისტრის მტკიცებით, გაკეთებული იყო ორი ალტერნატიული შესასვლელი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა არ ისარგებლეს. ღარიბაშვილმა პარლამენტში მის მასპინძლებს ფოტოები დაუტოვა, რომელზეც მინისტრის განმარტებით, ალტერნატიული კორიდორებია ასახული.
ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრისას განაცხადა ისიც, რომ მომხდარის გამო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, რომლებიც სასამარლომ 100 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვა.
შს მინისტრის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა იდეალური არ იყო, თუმცა ფორმატი მისაღებია:
„ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო იდეალური, მაგრამ მე მაქსიმალურად კორექტრული და კონსტრუქციული ვიყავი. რაც შეეხება უმცირესობას, მათი მხრიდან განსაკუთრებით კონსტრუქციული იყო დავით ბაქრაძე და კიდევ რამდენიმე ბატონი. მე ვფიქრობ, რომ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გავეცი. მივესალმები ამ ფორმას“.
პარლამენტი ვიცე-სპიკერის, გიორგი ბარამიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მცირეოდენი პროფესიონალიზმიც ვერ გამოავლინა. როგორც ბარამიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტო სტრუქტურული თვალსაზრისით ცდილობს, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას, არაკონპეტენტურობა და ნათესავების სამსახურებში აყვანა სახეზეა:
„დღეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება არ არის ისეთი, როგორიც პირველ ოქტომბრამდე იყო. 8 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა ფოტოები დაგვიტოვა, სადაც ჩანს, რომ 8 თებერვალს იყო კორდონი გაკეთებული. თურმე, ადამიანების მსხვილი სახით სურათები - კორდონია. დამამტკიცებელ საბუთად მინისტრმა ეს წამოიღო. მინისტრი კონკრეტლ საკითხთან დაკავშირებით ცდილობს, რომ თემა წინა ხელისუფლების განხორციელებულ ქმედებებზე გადაიტანოს. კერძოდ, 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენებზე, რაზეც ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი - თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა ის უნდა იქნეს დასჯილი“.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის ამოცანა ნამდვილად არ იყო პარტიული კინკლაობის მოწყობა ან პიროვნული დაპირისპირების დემონსტრირება. მისივე თქმით, ასეთი ღია და საჯარო შეხვედრა ძალიან კარგია და პირველ რიგში კარგია საზოგადოებისთვის:
„საჯარო საუბარი მნიშვნელოვანია იმ საკითხზე, როგორიცაა კრიმინოგენური სტაბილურობა. ის, რომ საქართველო მშვიდ ქვეყნად გადაიქცა, სადაც ღამე სახლში დარჩენა და ბავშვების ქუჩაში გაშვება არ ეშინიათ, რაც იყო ყველაზე დიდი რამ, რისი გაკეთებაც წინა წლების განმავლობაში შევძელით. დღესაც დაინტერესებული ვართ, რომ იყოს სიმშვიდე და უსაფრთხოება, რადგან ყველანი ამ საზოგადოების ნაწილი ვართ“.