[myrights.ge]
ჩვენ ვფლობთ სიტუაციას სამცხე-ჯავახეთში, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.
სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემა ბოლო დროს, ამნისტიის შემდეგ გაჩნდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ რჩევები არ გაითვალისწინა და ციხიდან ჩახალიანი და მსგავსი ადამიანები გამოვიდნენ.
გაბაშვილის თქმით, ამ ტიპის ადამიანების აქტიურობამ ზოგადად საფრთხე შეიძლება გააჩინოს და ამის პირველი ნიშნები გარკვეული მოძრაობების სახით უკვე შეინიშნება: „არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც ამ მიმართულებით პრობლემების შექმნა სურთ“.
ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, წლების შემდეგ გარკვეული თემების აქტივაცია და კონკრეტული ადამიანების წახალისება ხდება, რომ მათ თავისუფლად იმოქმედონ.
გოკა გაბაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, ხომ არ სურს, ამ რეგიონთან დაკავშირებით ყველა იმ ადამიანის გამოცდილება გამოიყენოს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა.
შს მინისტრის თქმით, ვანო მერაბიშვილს გამოცდილებას აქეთ გაუზიარებს:
„არ მჭირდება მაგის თანამშრომლობა. მერაბიშვილის გამოცდილება საერთოდ არ გვჭირდება. აქეთ გავუზიარებთ, თუ ძალიან უნდა. სამცხე-ჯავახეთს რაც შეეხება, არავითარი ვითარება არ არის დაძაბული, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და უპასუხისმგებლო განცხადებები. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის იქნება ეს მერაბიშვილი თუ უმცირესობის სხვა წარმომადგენელი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ასეთ საკითხებს. იქ ვითარება არ არის დაძაბული, სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას ჯავახეთთან დაკავშირებით წინა მთავრობის გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს:
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჯავახეთში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა და იმედი მაქვს, რომ ეს პირველი ნიშნები სიტუაციის დაძაბვის, მხოლოდ პირველი ნიშნები იქნება და ჩვენს ახალ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება სხვა რამ არ დაუშვას. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს დევნა ნაციონალური მოძრაობის იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. მინდა, მათ შევახსენო, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ახალქალაქის ქართულ სახელმწიფოსთან დაახლოება. მინდა, გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ მოხსნეს პოლიციის უფროსი, რომელიც არის ის ადამიანი, ვინც 2008 წლის 8 აგვისტოს მივლინებიდან საკუთარი ხარჯებით დაბრუნდა საქართველოში. ასევე, მინდა, შეგახენოთ, რომ მაშინ როდესაც რუსეთის ჯარი შემოვიდა, არცერთი ადამიანი ახალქალაქში არ გამოსულა გარეთ, არ ჩაუტარებიათ მიტინგი და არ გამოუხატავთ პრო-რუსული განწყობა.
ამდენად, მინდა, შევთავაზო ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება. მე მზად ვარ, სახელმწიფოს ნებისმიერ წარმომადგენელს შევხვდე და შევთავაზო კონსულტაცია, მივცე რჩევა, გამოვიყენო ჩემი პირადი გამოცდილება. პირდაპირ გეტყვით, რომ მცდელობაა, რამდენიმე ხნის წინ რაც ამ რეგიონში მოხდა, ყველაფერი დაბრალდეს ნაციონალურ მოძრაობას. ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების ინიციატივით, დღის წესრიგში დადგა საკითხი სომხურ ენასთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ თვითონ ეს დადგენილება ოცნების მიერ იყო პროვოცირებული. ჩვენ ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმას, რომ ეს საკითხი საერთოდ არ დამდგარიყო, მინდა, გითხრათ, რომ დავით რასტაკიანი, რომელიც იყო საკმაოდ გავლენიანი ადამიანი, რომელიც იყო წინა საკრებულოს წევრი, რა თქმა უნდა, არა – ნაციონალური მოძრაობიდან. ამ საკითხს საკრებულოს დღის წესრიგში ყოველთვის აყენებდა და სწორედ ამიტომ ბოლო არჩევნებზე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად რომ რასტაკიანი და მისი მსგავსი ადამიანები საკრებულოში არ ყოფილიყვნენ. ყველა ისეთი რადიკალის, როგორიც ჩახალიანია, მოვახდინეთ იზოლაცია, რათა მათ არც ეს და არც სახვა საკითხები საკრებულოს სხდომებზე თუ სხვა საჯარო შეკრებებზე არ დაეყენებინათ. თქვენ იცით, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით, ციხიდან გამოუშვა და ლამის გმირად შერაცხა ჩახალიანი. ტოროსიანს მოუხსნა პერსონა ნონ გრანტას სტატუსი, დაიწყო ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ და შედეგად, ეს სურათი მივიღეთ. მცდლეობა იმისა, რომ ეს ყველაფერი დააბრალონ ნაციონლურ მოძრაობას, არის უსუსრი, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში, რაც ხდება საქართველოში და განსაკუთრებით ჯავახეთში, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“.
მისივე თქმით, წინა მთავრობაში ჯავახეთის საკითხი პირადად მას ჰქონდა ჩაბარებული და დროის 20%- 30%-ს მას უთმობდა, ახლა კი მზადაა, ახალი მთავრობაში თავისი გამოცდილება იმას გაუზიაროს, ვისაც ჯავახეთი აბარია.