[myrights.ge]
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვარაუდობს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა გათავისუფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არ განხორციელებულა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი სამი თანამშრომლის - იმედო არჯევანიძის, მანანა ნატროშვილისა და მუხრან ბურჭულაძის მიმართ ადგილი აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას:
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ გათავისუფლებულ პირს სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება ამ დრომდე არ ჩაბარებია. შესაბამისად, ჩვენთვის შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა. თუმცა, მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონი დავით ჯანდიერის მიერ ამ საკითხზე გაკეთებული ოფიციალური განცხადება. მედიით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ გათავისუფლებულ პირს - მუხრან ბურჭულაძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, რომელშიც სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ მას ევალებოდა მისი თანამდებობისათვის აუცილებელი თავშეკავებისა და კორექტულობის გამოჩენა და ასევე, მისი პროფესიული მოვალეობა იყო პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა.
საია აღნიშნავს, რომ წერილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და რომელიც მინისტრის ზემოაღნიშნულ მოწოდებებს შეიცავდა, არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად – გაფრთხილებად. ამასთან, აღნიშნული მოწოდების შეუსრულებლობა არ შეიძლება გამხდარიყო თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არ ეკრძალებათ პოლიტიკური შეხედულებების ქონა, ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანებების მხარდაჭერა ან აღნიშნულის თაობაზე საჯაროდ განცხადებების გაკეთება.
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოთხოვნის საფუძვლით საჯარო რეესტრის თანამშრომელთათვის მსგავსი მითითებების მიცემა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს.
დავით ჯანდიერის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იუსტიციის მინისტრი თავდაპირველად არ დაეთანხმა იმედო არჯევანიძისა და მანანა ნატროშვილის გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მხოლოდ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და მის მოადგილეებს. როგორც ცნობილია, ქალბატონი მანანა ნატროშვილი არ წარმოადგენს ასეთ თანამდებობის პირს და, შესაბამისად, მის მიმართ გაუგებარია რატომ ჩაერია მინისტრი სააგენტოს თავმჯდომარის კომპეტენციაში.
მინისტრის მოადგილის ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ გათავისუფლებული სამი თანამშრომელი შეეცადა მოეხდინა სამსახურის პარალიზება და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდა, რაც გახდა მინისტრის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. საია შეახსენებს ყველას, რომ გაფიცვის უფლება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს შრომის იმ კოდექსითაც კი, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, დასაქმებულთა უფლებების დაცვის დაბალ სტანდარტს აწესებს. ამ უფლების გამოყენება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით არ არის შეზღუდული, შესაბამისად მოწოდება გაფიცვისაკენაც არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახის სამართალდარღვევად“.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურიდან იმედო არჯევანიძე, მანანა ნატროშვილი და მუხრან ბურჭულაძე გუშინ გაათავისუფლეს.
ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ, რამდენიმე დღის წინ, მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის სამი თანამშრომლის, მათ შორის მუხრან ბურჭულაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება დღეს დილით იქნა ხელმოწერილი.
ა.წ. 17 თებერვალს, მუხრან ბურჭულაძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პირადად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, შეეწყვიტა საჯარო რეესტრის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება და გამოეჩინა მისი თანამდებობისათვის აუცილებელი თავშეკავება და კორექტულობა, აღარ დაეცინა საჯაროდ საკუთარი თანამშრომლებისთვის და გაეთავისებინა, რომ მის პროფესიულ მოვალეობებს შორის ერთ-ერთი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა იყო. იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ მის გამგებლობაში შემავალი ყველა სფეროს მუშაკი არა ერთი რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის, არამედ ხალხის სამსახურში უნდა იდგეს. მუხრან ბურჭულაძემ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. ამასთან, მუხრან ბურჭულაძეს, ა.წ. 18 მარტს შიდა კონტროლის სამსახურს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.
რაც შეეხება ამავე სამსახურის ორ სხვა თანამშრომელს - მანანა ნატროშვილსა და იმედო არჯევანიძეს, მათთან მიმართებაში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას აქვს იგივე პრეტენზიები და თვლის, რომ ისინი არასათანადოდ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. მანანა ნატროშვილის მიმართ, ა.წ. 22 თებერვალს, შიდა კონტროლის სამსახურს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. თუმცა, დღეს დილით, იუსტიციის მინისტრი არ დაეთანხმა ამ ორი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას და მომცა ინსტრუქცია, ეს პროცესი შემეჩერებინა და მათთვის გამოსაცდელი პერიოდი მიგვეცა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამი თანამშრომელი საჯარო რეესტრის მუშაობის პარალიზებას შეეცადა და თანამშრომლებს გაფიცვისაკენ მოუწოდა, იუსტიციის მინისტრმა აზრი შეიცვალა და ეს ორი თანამშრომელიც, ამ წუთიდან, გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობებიდან.
საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახური აგრძელებს მუშაობას და მოქალაქეების მომსახურებას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, მიმდინარე საკადრო ცვლილებები სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ წლების მანძილზე საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის მოქალაქეებისადმი აგდებული დამოკიდებულება შეიცვალოს და ის მხოლოდდამხოლოდ მოქალაქის ინტერესისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იყოს ორიენტირებული“.