[myrights.ge]
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ხარისხის მართვის სამსახურს მიმართავს და აგრარული უნივერსიტეტისათვის კანონის შესაბამისად მაქსიმალურად მოკლე ვადებში ავტორიზაციის აღდგენას ითხოვს.
როგორც დღეს განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ხარისხის მართვის სამსახური მასთან ერთად ბენდუქიძის, დეკანოიძის, ურუშაძის, უტიაშვილის, პოლიტიკური კლოუნადის და უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი გახდა:
„თვალს ვადევნებდით უზნეო პოლიტიკურ კამპანიას, რომლის ლოზუნგიც იყო „ბენდუქიძე დგას კანონზე მაღლა“. დღეს ხარისხის მართვის სამსახურში წარდგენილია დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისობაშია მოსული კანონმდებლობასთან. ამიტომ ხარისხის მართვის სამსახურს მივმართავ თხოვნით, განახორციელონ მაქსიმალურად სწრაფ ვადებში კანონთა შესაბამისობის მიხედვით ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პიარკამპანია დასრულდეს. შევძელით ადამიანები, რომლებიც არ აღიარებდნენ კანონს, კანონთა შესაბამისობაში მოგვეყვანა. ეს კამპანია დაიწყო იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებულიყო პრივილეგირებული კასტა, რომელიც კანონს არ ემორჩილება“.
მისივე ვარაუდით, აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის აღდგენის პროცესს, სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება:
„აგრარულმა უნივერსიტეტმა წარადგინა გასწორებული ხარვეზები და კანონთა შესაბამისობაში მოვიდა. შესაბამისად, თუ გამოსწორებულია ხარვეზი, დადგენილება, რომელიც ხარვეზის საფუძველზე იყო მიღებული, სწორია“.
მარგველაშვილის თქმით, მას სტუდენტური აქციები მოსწონს და ამას მიესალმება კიდეც: „კარგი იქნება, თუ ისინი რეალურ მოთხოვნებსაც დააყენებენ“.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსთან ერთად 26 მარტს იმსჯელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აგრარულმა უნივერსიტეტმა საავტორიზაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 19 მარტს წარმოადგინა.
ცენტრმა ავტორიზაციის პროცედურების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყო. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საავტორიზაციო განაცხადის საფუძველზე, აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი და ავტორიზაციის სტანდარტებთან დაწესებულების პირობების შესაბამისობა შემოწმდება.
ვიზიტის შემდეგ ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც ცენტრი გადასცემს როგორც საბჭოს წევრებს, ასევე აგრარულ უნივერსიტეტს. შემდეგ ეტაპზე ცენტრი მოიწვევს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს (საბჭოს სხდომა ჩანიშნულია 26 მარტს), რომელიც საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე იმსჯელებს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, კანონის დაცვით წარიმართება.