მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართავს - 22 მარტი 2013

[myrights.ge]

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას შვილის ბექა ხოფერიას და მისი მეგობრების განცხადებასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართავს:

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21- მუხლის ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება ბრალდებულების ბექა .-, დავით .-, გიგა .- და ერასტი .- მიერ მოწოდებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

2013 წლის 15 მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამმართველოს თბილისისა და მცხეთა მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ბრალდებულებს ბექა .-, დავით .-, გიგა .- და ერასტი .-.

ბექა .- განმარტებით, 2013 წლის 13 მარტს, საღამოს იმყოფებოდა თავის მეგობრებთან დავით ., გიგა . და ერასტი .-თან. ერთად.  მისი თქმით, 14 მარტს დაახლოებით, 00:15 საათზე, დავით .-თან ერთად ეზოში ჩასვლისას დაინახა, რომ ოთხი პიროვნება საუბრობდა. იგი თავის მეგობართან ერთად მივიდა და ჰკითხა, რა ხდებოდა. ბრალდებულის გადმოცემით,  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ერთ-ერთი პირი ამ დროს უკან გაიწია, ამოიღო იარაღი და ჰაერში გაისროლა ორჯერ, ხოლო მეორე პირი კი მათ უმიზნებდა იარაღს. ბექა .-  თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ ეს პირები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რის გამოც უთხრა: "თუ ვინმეს უნდა ესროლო, მე მესროლეო". მისი გადმოცემით, ამ დროს მას უთხრეს, რომ უცნობი პირები პოლიციელები იყვნენ, რამაც იგი გააღიზიანა და უთხრა, თუ ყველაფერი ისევ ძველებურად არის და ასე თავს ესხმიან ქუჩაში ხალხს, ესროლათ მისთვის, ისევე, როგორც ესროლეს ვაზაგაშვილს. ბექა .-  გადმოცემით, ამ დროს მოვიდნენ ოპერატიული სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ბექა .-  განცხადებით, დაკავების დროს, პოლიციის თანამშრომლები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი თქმით, დაკავებისას მას ზურგს უკან დააწყობინეს ხელები და ხელბორკილები უხეშად დაადეს და ჩასვეს ავტომანქანაში. ამის შემდგომ მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ბექა .- უპასუხა: "რას იგინები შე უზრდელოო". ამ სიტყვების შემდგომ, ბრალდებულის განმარტებით, პოლიციელმა მას ორჯერ ჩაარტყა მუშტი სახის არეში, დაკავებულს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მისი თქმით, მეორე პოლიციის თანამშრომელმაც, რომელიც მანქანაში იჯდა, კიდევ ორჯერ ჩაარტყა სახეში ხელი. ბრალდებულის გადმოცემით, პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩამობანა სახე წყლით, ხოლო ხელბორკილები 4 საათის განმავლობაში არ მოხსნეს და განუმარტეს, რომ გასაღებს ვერ პოულობდნენ.

სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ბექა .-  მარცხენა თვალბუდის არეში და ცხვირზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. ორივე მაჯის არეში - მცირე ზომის სიწითლეები და მარჯვენა ზედა კიდურზე - სისხლჩაქცევები.

დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებული პირის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ბექა .-  მარჯვენა თვალის არეში, ცხვირზე, მარჯვენა მხარზე და მარჯვენა ზედა კიდურზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები მოლურჯო მოწითალო ფერის. ამავე ოქმის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები ბექა .- მიიღო დაკავების შემდეგ.

დავით .- გადმოცემით, პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა დეტალური ახსნა-განმარტების მოცემისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებული პირის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, მას აღენიშნება დიდი ზომის სისხლნაჟღენთი თვალისა და თვალბუდის არეში, ცხვირზე - მოწითალო იასამნისფერი შეფერილობის სისხლნაჟღენთი, სახეზე და ოთხივე კიდურზე - ექსკორიაციები.

ერასტი .- თქმით, მასზე ფიზიკურ ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა პოლიციის თანამშრომები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი გადმოცემით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში ნახა ბექა .- და დავით .- დაზიანებები. მისი თქმით, გიგა .- შემოხეული ჰქონდა პერანგი.

გიგა .- თქმით, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციის თანამშრომებისთვის. დაკავებისას მას კეფის არეში ჩაარტყა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რის გამოც თავი დაარტყა ავტომანქანის კაპოტს. ბრალდებულის გადმოცემით, პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ, 02:00-დან 07:00 საათამდე, პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს უფლება, შესულიყო საპირფარეშოში ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად და განუმარტეს, რომ ამის მიზეზი იყო მისთვის დილით ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების აუცილებლობა. მისი გადმოცემით, ასევე არ მიეცა საშუალება, დაკავშირებოდა ოჯახის წევრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიციის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ იგი ტელეფონით სარგებლობას შეძლებდა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების-ბექა ხოფერიას, გიგა იობაშვილის, ერასტი საბანაძისა და დავით ეჯიბიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და სამ მათგანს შეუფარდა გირაო საპატიმრო უზურნველყოფით 7000 ლარის ოდენობით, ხოლო  ეჯიბიას მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა ხოფერიას, დავით ეჯიბიას, გიგა იობაშვილსა და ერასტი საბანაძეს ბრალად ედებათ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ჯგუფის მიერ:

„სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მათ ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ასევე არსებობს მათი მხრიდან მიმალვისა და საქმეზე შემხებლობის მქონე პირებზე ზემოქმედების საფრთხე, ასევე საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დასადგენია დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირები; გარდა ამისა, ბრალდებული დავით ეჯიბია არის წარსულში ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დავით ეჯიბიას შეუფარდა პატიმრობა ხოლო ბექარ ხოფერიას, გიგა იობაშვილს და ერასტი საბანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 7000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია