[myrights.ge]
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიორგი ბოკერიამ პრემიის სახით აიღო 45 850 ლარი, მდივნის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა - 38 930 ლარი, მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ - 47 456.87 ლარი, მდივნის მოადგილემ ლევან დუჩიძემ - 41 351.50 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მოადგილემ თორნიკე თურმანიძემ - 39 555 ლარი.
ინსტიტუტის ცნობით, თვეში უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3 540 ლარს. აქედან გამომდინარე, გიგა ბოკერიას 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით მთლიანობაში პრემიის სახით ხელფასის ერთმაგი ოდენობა ჩაერიცხა. მთლიანობაში უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის ოთხ მოადგილეზე პრემიის სახით 13 თვის მანძილზე გაიცა 213 143.37 ლარი, ხოლო ამავე პერიოდში აპარატის სხვა თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაიცა 373 905 ლარი.
„უშიშროების საბჭომ არასრულყოფილად მოგვაწოდა [საჯარო] ინფორმაცია პრემიებისა და 10 დეკემბრის ანგარიშების შესახებ, რადგან არ არის მოწოდებული ინფორმაცია თვეების მიხედვით და არ არის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშები. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია“, – ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში, რომელიც ახორციელბს პროექტს – „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“.
ეროვნული უშიშროების საბჭო — საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.
მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.
2011 წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.