[myrights.ge]
ამ დროისათვის საქართველოში წითელას 366 შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადებულთაგან 127 ჰოსპიტალიზებული იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ სტატისტიკურ მონაცემებში არის ნათქვამი. გამოვლენილ შემთხვევათაგან, 308 თბილისშია აღრიცხული.
ინფიცირებულთა უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 146-ს შეადგენს. გავრცელების მომდევნო ჯგუფში 30 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან. აქ დაავადების 87 შემთხვევაა გამოვლენილი. 1-დან 4 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 40 ბავშვია დაავადებული, 15-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კი –– 33 მოზარდი. რაც შეეხება 0-1 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, აქ 19 პატარა დაავადდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წითელას შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან შეინიშნება და ის შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ გამოვლინდება. მედიკოსები წელს წითელას კიდევ ასეულობით შემთხვევის გამოვლენას ვარაუდობენ. ამის მიზეზად 2008 წელს წითელას იმუნიზაციის ჩაშლა სახელდება.
წითელა (ლათ. Morbilli), მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი.
წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. მისი პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3, მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6, მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირე წლოვან ასაკში წითელას შეილება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.
ჩვეულებრივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა. წოლითი რეჟიმი, დიეტა (ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ხაჭო, კეფირი, ასკილის ნაყენი), უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები და სხვა წამლები (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით). ავადმყოფთან მყოფი პირები არ დაიშვებიან ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 17 დღის მანძილზე. 15-18 თვის ბავშვებს უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინით.