მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აჭარის შს სამმართველოს უფროსს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ - 28 მარტი 2013

[myrights.ge] 

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს,  ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა. როგორც საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში მოძრაობისას  მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით  ანთებული სიგარეტი ისროლა:

მოვდიოდით მანქანით, რა დროსაც მთელი სისწრაფით მიმავალმა ჯიპის მარკის ავტომანქანამ ჩაგვიქროლა, რასაც მოჰყვა მანქანის ძლიერი სიგნალი და მძღოლის მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები: შენ ბიჭო, იცი რა მოგივა? ვის ელაპარაკები არ იცი? სამხარეოს უფროსი ვარ და აწი, რა მოგივა შენ თავს დააბრალე და შემდეგ ჩვენი მისამართით სიგარეტის ნამწვი ისროლა.

საია-ს მძღოლი როინ ფარტენაძე, რომელიც მანქანას მართავდა, აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენვა სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლის შედეგად პულოვერი გაეხა.

ვალერი თელია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს. როგორც თელიამ ბათუმის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომანქანის მძღოლი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და გამოირჩეოდა აგრესიით.

ვმოძრაობდი გრიბოედოვის ქუჩაზე, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანამ შექმნა ავარიული მდგომარეობა და მძღოლმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავაჩერე მანქანა და ვკითხე, თუ რატომ მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც შევატყე, ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და გამოირჩეოდა აგრესიით. მოვუწოდე მას სიმშვიდისკენ, მაგრამ აღნიშნული პირები ჩემს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდნენ. აღნიშნულ საკითხზე მათ მიერ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იქნა გამოძახებული, - აღნიშნა თელიამ, რომელიც სიგარეტის სროლის ფაქტსაც უარყოფს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საია-ს ერთ-ერთი თანამშრომლის პულოვერი დახეულია, ვალერი თელიამ აღნიშნა - არ ვიცი, არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი მხრიდან არ ყოფილა.

შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევას იწყებს. ოგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისათვის დადგენილია, რომ მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლის, როინ ფარტენაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. შემთხვევა ბათუმში, 28 მარტს, 11 საათსა და 40 წუთზე, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე მოხდა, როდესაც მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს - დაუთმე გზა და ტოიოტა-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ორივე ავტომანქანის მძღოლი შემოწმდა ალკოტესტის მეშვეობით. ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ მერსედესი-ს მძღოლი როინ ფარტენაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი საჯარიმო ოქმი. მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილითა (მანევრირების წესების დარღვევა, რასაც საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა) და 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის დროს) თანახმად დაჯარიმდა. შსს ამ ფაქტზე, მოკლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას შემთხვევის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. როგორც საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განაცხადა, იმედი აქვთ, რომ პროკურატურა აღნიშნულის შესაბამის შუამდგომლობას დააყენებს, თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ თელიას ქმედება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა:

ჩვენი აზრით, ყველაზე უპრიანი იქნება, თუკი თელიას სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდება. იმედია, იქნება კიდეც ასეთი შუამდგომლობა დაყენებული, თუ პროკურატურა დაადგენს მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ვფიქრობ, ასეთი ნიშნები არსებობს.

მისივე განმარტებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოპოვებულ იქნას დამატებითი ინფორმაციაც. კერძოდ კოჟორიძის განცხადებით, მომხდარი ინციდენტი უნდა დაეფიქსირებინა შემთხვევის ადგილზე განთავსებულ  აფთიაქთან დამონტაჟებულ ვიდეოთვალს:

მივმართავთ შსს-ს, ეს ვიდეო-მასალა გამოითხოვოს. იმედია, ის არ გაქრება და საზოგადოებას მიეწოდება სრული ინფორმაცია.

ამასთან, ის ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განცხადებასაც გამოეხმაურა და მას ცალმხრივი უწოდა:

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცალმხრივია და არ იძლევა იმის რწმენას, რომ მომხდარი ფაქტი ობიექტურად იქნება გამოძიებული. ამას მოწმობს ის, რომ შსს აქცენტს აკეთებს მხოლოდ საია-ს მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე და არაფერს ამბობს უწყების მაღალჩინოსნის ქმედებაზე. მე ვესაუბრე ჩვენი ორგანიზაციის მძღოლს და როგორც მან განაცხადა, გუშინ ნამდვილად დალია მშობლის დაბადების დღეზე, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. სულ რომ ნასვამი ყოფილიყო, ერთია მის მიერ ჩადენილი ეს დანაშაული და მეორეა თელიას ქმედება. მათი საქციელი თანაზომადი ნამდვილად არაა, ამიტომაც, მოვუწოდებთ შსს-ს მისი სისტემის მაღალჩინოსნის ქმედებითაც დაინტერესდეს და გამოძიება ობიექტურად აწარმოოს.

საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ჯიპის მარის ავტომანქანაში მყოფმა ვალერიან თელიამ გზაზე ავტომანქანით მიმავალ საია-ს თანამშრომლებს უხეშად გზის არდათმობის გამო მიმართა.

მათ ჯერ შეახსენა საკუთარი თანამდებობა, დაემუქრა და მათი მისამართით სიგარეტის ნამწვი ისროლა, შემდეგ კი, მანვე სცადა როინ ფარტენაძის მანქანაში იძულებით ჩასმა, რა დროსაც შემოახია ტანსაცმელი, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, რომლის ინფორმაციითაც, ვალერიან თელია მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

პრესკონფერენციაზე კოჟორიძემ აღნიშნა ისიც, რომ მათი მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის ან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დადასტურების შემთხვევაში საია მზად არის, კანონით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხადოს:

თუმცა იმავეს მოვითხოვთ ვალერიან თელიას ქმედების მიმართ. უნდა აღვნიშნო, რომ როცა მაღალჩინოსანი კანონს არღვევს, ეს კანონისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე მეტყველებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ეთიკის კოდექსი შეიმუშავა – თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სამართალდამცველები. ვფიქრობ, არა თუ ეთიკის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, არამედ შესაძლოა, თელიას ქმედება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

ბათუმში დღეს მომხდარი ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ობიექტის, ბათუმის სახლის მფლობელი საბირ ნურუევი ამტკიცებს, რომ ვიდეოკონტროლის კამერის ჩანაწერი წაშლილია.

როგორც საბირ ნურუევმა განაცხადა, დღეს დილით, 12.00 საათზე სამოქალაქო ფორმაში გადაცმული რამდენიმე პირი მივიდა მათთან და სთხოვეს, რომ ეჩვენებინათ ვიდეოკონტროლის კამერის ჩანაწერი. როგორც ნურუევმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ მართლაც აჩვენეს ვიდეოჩანაწერი, თუმცა შემდგომ, როდესაც შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ წუხელ, 24.00 საათიდან დღეს დილით 12.00 საათამდე არსებული ჩანაწერი წაშლილია.

ნურუევმა განმარტა, რომ მათი ვიდეოკონტროლის კამერა ერთი თვის ჩანაწერს ინახავს, თუმცა ღამის 12 საათიდან დღეს დილის 12 საათამდე ჩანაწერი მათ კამერაში არ მოიპოვება.

ბათუმის სახლი მდებარეობს ზუსტად იმ ტერიტორიის პირდაპირ, სადაც დღეს დილით ინციდენტი მოხდა აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიასა და საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებს შორის.

ამასთან, ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარეობს აფთიაქიც. მისი თანამშრომლები პირად საუბრეში ამბობენ, რომ რამდენიმე პირი ვიდეოთვალის შესამოწმებლად მათთანაც იმყოფებოდნენ.

ამ ფონზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართლებრივ გამოძიებას და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც კახა კოჟორიძემ დღეს საღამოს გამართულ მეორე საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოვლენები ამ ფაქტთან დაკავშირებით ისე განვითარდა, როგორსაც არ ისურვებდნენ. მისი თქმით, ჯერჯერობით არსებობს ვიდეომასალა, თუ როგორ შედის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი პირი ბათუმის სახლში, რომლებმაც სავარაუდოდ ბათუმის სახლის ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული ფირი გაანადგურეს. ამ ფირს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის სახლის მფლობელისგან ითხოვდა, თუმცა, პოლიციის შიშით მათ არ გადასცეს.

კოჟორიძის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ორი პირის შენობაში შესვლის ამსახველი ვიდეომასალით დაინტერესებას და ამ ჩანაწერის დაცვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს სამართალდამცავებისაგან ითხოვდა. თუმცა, რამდენიმე საათის განმავლობაში მათ მოთხოვნაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მისივე თქმით, მათი მოთხოვნის საპასუხოდ, შსს- გენინსპექციის დავალებით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რათა მათ ამოეღოთ კონკრეტული პირების მიერ ბათუმის სახლში მისვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. იმ მომენტისთვის ადგილზე საიას წარმომადგენლები და ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ.

კოჟორიძემ აღნიშნა, რომ მტკიცებულების ამოღების მიზნით მისულ პატრულის თანამშრომლებს შორის თავად ის პირი ამოიცნეს, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერზე ფიქსირდება. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიციის თანამშრომელი ქალაქის მე-2 განყოფილების უფროსი გიგლა მოსიძეა. მან ბათუმის სახლში მისვლის მიზეზი არ უარყო, თუმცა, კოჟორიძის შეფასებით, მოსიძე იქ სხვა მიზეზის გამო მივიდა:

არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პირი, რომელმაც სავარაუდოდ გაანადგურა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მოახდენს მისივე დანაშაულებრივი მოქმედების დამადასტურებელი მასალის სათანადო წესით მოპოვებას.

მისივე განცხადებით, ყველაფერი ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისე აეწყო, რომ მიმდინარეობს არა სამართლიანი გამოძიება, არამედ მტკიცებულებების განადგურება და მიჩქმვალვა.

ამასთან, საიას თავმჯდომარემ შეშფოთება გამოთქვა ბათუმის სახლის ვიდეო თვალის მიერ დაფიქსირებული ფირის განადგურების გამო, რომელზეც მათ თანამშრომელსა და აჭარის მთავარ სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის ინციდენტი იყო ასახული.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია