[myrights.ge]
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და აჭარის შს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიასა და საიას 3 თანამშრომელს შორის მომხდარი ინცინდენტის შესწავლას ითხოვს. ომბუდსმენი „ბათუმის სახლში“ არსებული ვიდეო ჩანაწერის დაუყოვნებლივ ამოღებასაც ითხოვს:
„2012 წლის 28 მარტს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერიან თელიამ შეურაცხყოფა მიაყენა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 3 თანამშრომელს.
მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ავტომანქანის მძღოლი, რომლითაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. სახალხო დამცველის რწმუნებული მთელი დღის განმავლობაში სწავლობდა აღნიშნული საქმის დეტალებს.
მოგვიანებით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინციდენტის ახლოს მდებარე ოფისის „ბათუმის სახლის“ მფლობელი საბირ ნურიევის განცხადებით, მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც წაშალეს ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, დღემდე „ბათუმის სახლში“ არსებობს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების შენობიდან გამოსვლის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იძლევა საშუალებას, დადგენილ იქნას ვის მიერ იქნა განადგურებული ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა. საიას წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ამავე დღეს, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომელთა შორისაც ამოცნობილ იქნა თავად ის პირი, რომელიც ფიქსირდება ვიდეო ჩანაწერზე, კერძოდ, ქ.ბათუმის მე-2 განყოფილების უფროსი გიგლა მოსიძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში „ბათუმის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათთან ერთად იმყოფებოდა.
სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს დაიწყოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ ამოიღოს „ბათუმის სახლში“ არსებული ვიდეო ჩანაწერი და უზრუნველყოფილ იქნას სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში გახშირდა მომართვიანობა, რომელშიც მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა რანგის თანამშრომელთა მხრიდან მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ. ჩვენს ხელთ არსებულ არაერთ ფაქტზე სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის ორგანოებს. აუცილებელია, თითოეულ მსგავს შემთხვევას მოჰყვეს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება, რათა დარღვევებს არ მიეცეს სისტემური ხასიათი.
სახალხო დამცველი განაგრძობს აღნიშნული ფაქტის შესწავლას და თვალყურს მიადევნებს გატარებულ ღონისძიებებს“.
ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც განცხადებას ავრცელებენ:
„არასამთავრობო სექტორი უკვე მეორე დღეა, მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, „ბათუმის სახლიდან“ ამოიღოს მტკიცებულება, რომელიც სრულად ასახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიასა და საიას თანმშრომლებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს. შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურას არ აღმოაჩნდათ იმის ნება, რომ დაადგინონ ობიექტური სინამდვილე თუ რა მოხდა გუშინ გრიბოედოვის ქუჩაზე. უფრო მეტიც, შს სამინისტრომ საშური ოპერატიულობით, ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლების დაკითხვის დასრულებამდე სამართალდამრღვევად გამოაცხადა საია-ს თანამშრომლები. ამ დრომდე ველოდებოდით სამართალდაცავი ორგანოების რეაგირებას, თუმცა ისინი არ ჩანან და ვტოვებთ ამ ტერიტორიას, რადგან:
1. მტკიცებულების განადგურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გენერალური ინსპექცია არ გამოცხადდა იმის მომიზეზებით, რომ არ სცალია;
2. მტკიცებულების განადგურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პროკურატურამ იმ მიზეზებით, რომ საქმეს სწავლობს გენერალური ინსპეცია;
3. სამართალდამცველებმა არ ამოიღეს ის ვიდეომასალა, რითაც დადასტურდებოდა პოლიციის მიერ ვიდეომასალის ანუ მტკიცებულების განადგურება;
4. პოლიციამ ნაწილობრივ გაანადგურა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ვალერი თელიამ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი. განცხადება პოლიციელების მხრიდან ვიდეომასალის განადგურების შესახებ მედიასთან გააკეთა ობიექტის მესაკუთრემ, ჩვენი ინფორმაციით კი გადარჩენილ კადრებზე ასახულია იმ მაღალჩინოსანი პოლიციელების ვინაობა, ვინც გაანადგურა მტკიცებულება.
5. შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არასრულყოფილი მასალა არ არის შესწავლილი. მისი შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ ვალერი თელიამ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც გამოიხატა საიას თანამშრომლების ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
აქვე ერთ გარემოებასაც მივაქცევთ ყურადღებას, შს სამინისტრო თავის განცხადებაში აქცენტს მხოლოდ იმაზე აკეთებს, რომ საიას მძღოლი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მხოლოდ მსუბუქი თრობა დაუდასტურდა. ამავე დროს, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ მისი შეუფერებელი ქმედების დაფარვის მიზნით, გუშინ შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენაზე გააკეთა კომენტარი“.