[myrights.ge]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პავლე კუბლაშვილი თბილისის საკრებულოს წევრების დაკითხვაზე დაბარების ფაქტს თვითმმართველ ორგანოებზე ზეწოლად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველ ორგანოებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბარი კიდევ ერთხელ უწევს, განსაკუთრებით კი, ბოლო დროს თბილისის საკრებულოს წევრებზე.
მისი თქმით, ამას უკვე სისტემური ხასიათი აქვს, რომლის სქემაშიც ძირითადად, საგამოძიებო და ძალოვანი სტრუქტურები არიან ჩართულები:
„დღეს 12:00 საათისთვის ერთდროულად, სხვადასხვა საქმეზე, სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურასთან, მაგრამ ერთდროულად, დაბარებული იყო 7 წევრი თბილისის საკრებულოსი. მე ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები თუ რა მოტივით ხდებოდა დაბარება ან რა იყო ეს, საერთოდ აღარ დარჩება. ეს არის პირდაპირი ზეწოლა თბილისის საკრებულოზე და მცდელობა რომ ჩაშალონ საკრებულოს მუშაობა“.
მისი თქმით, დღეს თვის ბოლო პარასკევია, როდესაც ტრადიციულად საკრებულოს სხდომები იმართება.
კუბლაშვილის განცხადებით, ზუსტად ასევე ხდებოდა თებერვლის ბოლო პარასკევს, იანვრის ბოლო პარასკევს და დეკემბრისაც:
„ამ ფაქტს ბევრი კომენტირება შეიძლება აღარ დასჭირდეს. სწორედ ასეთი ფაქტებია ის, რის გამოც ისმის კრიტიკა ევროპელი კოლეგებისგან, საერთშორისო ორგანიზაციებისგან. ამ კრიტიკას წერილობითი პასუხები კი არ უნდა და „ევროპის სახალხო პარტიის“ მიმართ წერილების გაგზავნა, არამედ რეაგირება სჭირდება. რეაგირება იქნებოდა ერთადერთი - თუ ვინმე საგამოძებო სტრუქტურებს მკაცრად მიუთითებდა, რომ თავი დაანებოს თბილისის საკრებულოზე ზეწოლას“.
მისივე თქმით, რეაგირება არ არის და საქმე საგამოძიებო ორგანიების მხრიდან ძალიან თავხედურ საქციელთან გვაქვს.
კუბლაშვილის განცხადებით, ვერც ერთი მსგავსი მცდელობით, თბილისის საკრებულოს მუშაობა ვერ შეფერხდება.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რომ მსგავსი ფაქტების მიმართ ყურადღება გაამახვილონ.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 7 წევრი დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში დაკითხვაზე არ მივიდნენ, რადგან საკრებულოს სხდომა იყო დანიშნული.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, დარღვევები ახალ ხელისუფლებაშიც იქნება, რადგან არ არსებობს მმართველობა, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ კანონს არ აღვევდნენ.
ამის შესახებ ხმალაძემ თბილისის საკრებულოს 7 დეპუტატის საგამოძიებო ორგანოებში დაბარების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა:
„რატომ არის დაბარებული ერთი ან შვიდი ან 35 დეპუტატი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან მათ იბარებს პროკურატურა და მე არ მაქვს უფლება, მის საქმიანობაში ჩავერიო. თუ პროკურატურას ამის დაბარების კანონიერი საფუძველი აქვს, შეუძლიათ დამიბარონ მეც და თქვენც. რატომ ხდება მაინცდამაინც ხელისუფლების ძველი წარმომადგენლების დაბარება, ეს იმიტომ ხდება, რომ წინა ხელისუფლების დროს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ დანიშნულები და თუ რაიმე დარღვევა მოხდა წინა წლებში, ვინ შეიძლება დამრღვევი ყოფილიყო, თუ არა ისინი და არა მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, რადგან „რესპუბლიკელებიდან“ თანამდებობაზე არავინ იყო“.
მისივე თქმით, დარღვევი ახალ ხელისუფლებაშიც აუცილებლად იქნება, რადგან ხმალაძის თქმით, „არ არსებობს ხელისუფლება, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ კანონს არ არღვევენ“.