[myrights.ge]
საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებისათვის გამოყოფილ 25 მილიონ ლარს ეხება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
1.საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პრდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისთვის. ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია.
2. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას.
ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, _ მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.
3. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, _ 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, – სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, _ ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა.
4. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება.
5. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ, ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ“.