მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველის ანგარიში 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 01 აპრილი 2013

[myrights.ge]

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. 

ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის  ძირითად ტენდენციებს საქართველოში:

2012 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი საქართველოს ისტორიაში. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ მოხდა ხელისუფლების არაძალადობრივი გადაცემა არჩევნების გზით.

 არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებების სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება. თუმცა, ამავდროულად, გამოიკვეთა არაერთი მიმართულება სადაც სერიოზული პრობლემები ფიქსირდება.

ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში  ასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიატრიული დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზს.

ანგარიშში დეტალურად არის საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და გაანალიზებულია სხვადასხვა ხასიათის უფლებადარღვევები.

ანგარიში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს სახალხო დამცველის ინიციატივით შესწავლილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, მოყვანილია თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიას და სხვა პირთა საქმეები, რომელთა შესახებ საკუთარი რეკომენდაციები სახალხო დამცველმა უკვე გადაუგზავნამთავარ პროკურატურას.

სახალხო დამცველმა შეისწავლა ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან  2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა იკვეთებოდეს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. სახალხო დამცველი მიმართავს  პარლამენტს შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ზემოხსენებული ფაქტების შესწავლის მიზნით.

სახალხო დამცველი სწავლობს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს, რაზეც მომზადდება სპეციალური ანგარიში. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება  გამახვილებულია, იმ ძირითად ტენდენციებზე რომელიც ამ პერიოდში გამოიკვეთა.   

საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი 2012 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა. სახალხო დამცველი ასევე ხაზს უსვამს საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის საკმაოდ არასასურველ ტენდენციაზე.

2012 წელს გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენდა, შესაბამისად, იგი წინა წლების მსგავსად, სახალხო დამცველის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება იყო.

2012 წელი ამავდროულად გამოირჩეოდა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა უფლებების დარღვევების უპრეცედენტო სიმრავლით. აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი წარმოადგენდა.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის და ხელის შეშლის  მრავალი შემთხვევა შეისწავლა.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, მოქალაქეების მხრიდან უკიდურესად გაიზარდა მიმართვები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.

საანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა შეკრება-მანიფესტაციის დროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რამდენიმე ფაქტი, არაერთხელ დაირღვა ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლება საჯარო დაწესებულებების უფლებამოსილი პირების მიერ.

2012 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა რელიგირ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა, თუმცა არასასურველ ტენდენციად ჩამოყალიბდა რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენის გამოყენება და ქსენოფობია.

ანგარიშში ასახულია ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს სექსუალური უმცირესობების უფლებების კონკრეტული დარღვევების შესახებ სახალხო დამცველისათვის არ მოუმართავთ, მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც დამატებით კვლევას საჭიროებს.

წინამდებარე ანგარიშში დეტალურად არის განხილული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრი: საკუთრების უფლება, სათანადო საცხოვრისის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, შრომის უფლება საჯარო სამსახურში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა  და ეკომიგრანტთა უფლებები. 

2012 წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არაერთი ცვლილება განხორციელდა, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ აუცილებელია სისტემური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.

ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა ქვეყანაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, ასევე ტრადიციულად მოცემულია ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობაც.

საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მიერ რიგი ღონისძიებების გატარებით, რაც წინა წლებთან შედარებით პოზიტიური ტენდენციაა.

დაბოლოს, ტრადიციისამებრ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის  მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელთა მიზანიც ამ ანგარიშში აღწერილი დარღვეული უფლებების აღდგენა და უფლებადარღვევების პრევენციაა.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია