მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველის აპარატი - კარგი იქნებოდა, სოზარ სუბარს სახალხო დამცველის რეკომენდაცია წაეკითხა - 04 აპრილი 2013

[myrights.ge] 

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ნათია იმნაძე სოზარ სუბარის კრიტიკულ შეფასებებზე საპასუხოდ ცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, სასჯელაღსრულების მინისტრ სახალხო დამცველის რეკომენდაცია წაეკითხა და ისე გაეკეთებინა რეაგირება. იმნაძის თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია ტუბერკულოზის მდგომარეობასთან დაკავშირებით ციხეებში, არაპროფესიონალური არ ყოფილა და წინასწარ ომბუდსმენი რეკომენდაციებს არც ერთ უწყებას არ უთანხმებს.

სახალხო დამცველის აპარატი არ ეთანხმება სუბარის ნათქვამს, რომ ტუბერკულოზით ავადობამ ციხეებში იკლო. როგორც იმნაძე ამბობს, კლება ამნისტიამ გამოიწვია და არა - პატიმართა მკურნალობამ:

ვერ გავიგე, საერთოდ რაზე გააკეთა მინისტრმა კომენტარი. ჩვენს რეკომენდაციაში ტუბერკულოზით ავადობის სტატისტიკა ციხის ექიმების ანგარიშებიდან არის ასახული, ხოლო კლებასა და მატებაზე საერთოდ საუბარი არ არის. რიცხვები კი, რომელიც სუბარმა დაასახელა, საერთოდ არ ფიგურირებს, რადგან ეს კომპონენტი საერთოდ გაუგებარია. ასეც რომ იყოს, ტუბერკულოზის მკურნალობას სულ მცირე 6 თვე სჭირდება და ახალი მინისტრი თავისი მოსვლის შემდეგ ამას ვერც მოახერხებდა. ავადობის რიცხვმა თუ დაიწია, ეს მოხდა ამნისტიისა და შეწყალების ხარჯზე და არა იმის ხარჯზე, რომ ხალხს უმკურნალეს ციხეებში.

იმნაძე სუბარის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ მინისტრს არც ერთი მუხლი არ ავალდებულებს, შეხვდეს პატიმრებს:

მინისტრი მიუთითებს, რომ არ არის ისეთი მუხლი, რომელიც პატიმრებთან შეხვედრას აიძულებს და აბსოლუტურად მართებულად. თუმცა, პატიმრები ცდილობდნენ მასთან შეხვედრას, რომ გაენდოთ გულისტკივილი. რეკომენდაცია იყო იმაზე, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და უმჯობესი იქნებოდა, სამინისტროს კარგად შეესწავლა ეს საკითხი, მოეხდინა რეაგირება. მსჯავრდებულები მიუთითებდნენ არა იმაზე, რომ ვერ მოხერხდა მინისტრთან შეხვედრა, არამედ პირდაპირ ამბობდნენ, რომ მინისტრმა არ მოინდომა შეხვედრა. ჩვენ ამას ვერ გადავამოწმებდით, ამიტომ ასე ზუსტად ვერ მივუთითეთ და ანგარიშში წერია - ვერ მოხედრხდა შეხვედრა. კარგი იქნებოდა, ყველაფერი მინისტრის გარემოცვაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული და თვითონ დაენახა ის პრობლემები.

რაც შეეხება სუბარის განცხადებას, რომ სამინისტროსთვის ეკითხათ რიგი საკითხები და მერე დაეწერათ რეკომენდაცია, იმნაძე ამბობს, რომ რეკომენდაციის მომზადებამდე რომელიმე უწყებასთან სახალხო დამცველს არანაირი შეთანხმება არასდროს არ ქონია და არც ექნება:

ადრეც იყო ხოლმე ამაზე საუბრაი - რატომ არ გველაპარაკებიან წინასწარ და ასე შემდეგ, თუმცა ეს გამორიცხულია - წინასწარ ჩვენ არ ვუთანხმებთ არც ერთ უწყებას არც ანგარიშს და არც რეკომენდაციებს, კეთილი ინებონ, წაიკითხონ უკვე გამოცემული რეკომენდაცია და ისე გააკეთონ რეაგირება.

სახალხო დამცველმა სუბარს რეკომენდაციით გუშინ მიმართა.

სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, ციხეებში ტუბერკულოზით დაავადებათა რიცხვის მატებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია არაპროფესიონალურად იყო შედგენილი.

მისივე  თქმით, სისტემაში ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა რიცხვი 800-900-დან 300- ჩამოსცდა:

ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი, პირდად უჩა ნანუაშვილისადმი, ძალიან არ მომეწონა, რომ საკმაოდ არაპროფესიონალურად იყო შედგენილი ეს რეკომენდაცია. წინასწარ რომ გაევლოთ ეს საკითხი ჩვენთან და დაესვათ კითხვები, ძალიან ბევრ რამეზე მიიღებდნენ ამომწურავ პასუხს, რომ ეს ასე არ არის.

ამასთან, სუბარი გამოეხმაურა სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ჩაწერილ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მინისტრი არ შეხვდა კონკრეტულ მსჯავრდებულებს. სოზარ სუბარი ინტერესდება, რომელი მუხლის დარღვევაა ის, რომ მინისტრი არ შეხვდა პატიმარს. მან აღნიშნა, რომ პატიმრებს მინისტრი ხშირად ხვდება და ვიღაცას რომ არ შეხვდა, ამის რეკომენდაციაში ჩაწერა არასერიოზულია:

სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ ვეთანხმებით არც ერთ პუნქტში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია