მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოფელ ხაიშში ინციდენტი მოხდა - 06 აპრილი 2013

[myrights.ge] 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, სადაც ინციდენტი მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ირანელი ფერმერების მეურნეობაში შეიჭრა და მიწის ნაკვეთს შემოვლებული ღობე რამდენიმე მეტრზე შემოაცალა.

მესერის მთლიანად მორღვევაში ხაიშის მაცხოვრებლებს პოლიციამ შეუშალა ხელი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ირანელ ფერმერებს, რომელთაც გრძელვადიანი იჯარით ხელისუფლებამ 2 წლის წინ გადასცა სარგებლობაში სოფლის ტერიტორიაზე არსებული 700 ჰექტარი მიწის ფართობი, აღნიშნული ტერიტორიებით სარგებლობის უფლებას არ მისცემენ და მიწის ნაკვეთებს თავად დაამუშავებენ.

ხაიშელები აცხადებენ, რომ სოფლის სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები ხელისუფლებამ 2 წლის წინ ჩუმად გაასხვისა და სოფლის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების გარეშე დატოვა. სოფელმა არაერთხელ მიმართა დახმარებისათვის ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას.

რამდენიმე თვის წინ, როგორც ხაიშის მაცხოვრებლებმა ინტერპრესნიუსთან საუბარში განაცხადეს, მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი სახელმწიფო კანცელარიაში ჩააბარეს და პასუხს დღემდე ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 1997 წლიდან სვანეთიდან ჩასახლებული 160 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივთა შემოსავლის ერთადერთი წყარო მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობაა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ასევე ხმაური იყო ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცში. სოფლის მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა,  რომ სოფლის ტერიტორიაზე არსებული 140 ჰექტარი სარეზერვო ფართობი 2012 წლის დეკემბერში ინდოეთის მოქალაქეებზე გაიყიდა.

ინდოელებმა მიწის დამუშავება ღამის საათებში დაიწყეს. დილით კი როცა მოხნულ მიწის ფართობზე ხეხილის ნერგების გაშენება დაიწყეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

სოფლის მოსახლეობამ ინდოელები იძულებული გახადა ტერიტორია დაეტოვებინათ და ვაშლის ნერგების გასაშენებლად გამზადებული ორმოები მიწით ამოუვსო.

დიცელები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფართობები 2008 წლის ომის დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს და არ აპირებენ სოფლის კუთვნილი ფართობები ინდოელებს დაუთმონ.

დიცელები ვარაუდობენ, რომ მიწის გასხვისება მთელი რიგი დარღვევებით ფარულად მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა პროკურატურას საჩივრით მიმართავს. ისინი აცხადებენ, რომ სისხლი დაიღვრება და ამ ტერიტორიას არ დათმობენ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია