მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თავდაცვის სამინისტრო რეკრუტების მიერ პალდოს ბაზის მიტოვებაზე განცხადებას ავრცელებს - 06 აპრილი 2013

[myrights.ge] 

პალდოს სამხედრო ბაზიდან რეკრუტების წამოსვლასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის 600 ვაკანტურ ადგილზე 4383 განაცხადი შემოვიდა. უპრეცედენტოდ მაღალი კონკურსის გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები არჩევს ღირსეულ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლო უნდა დაიცვან.

პალდოს ბაზაზე მყოფმა რეკრუტების ნაწილმა (60 რეკრუტი), რომლებიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მათი ბაზიდან დათხოვნის შესახებ.

გერქვას ჯარისკაცი და იცავდე სამშობლოს - ღირსეულთა ხვედრია. ჯარისკაცების ღირსების დაცვა კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი მოვალეობაა.

შეგახსენებთ, რომ რეკრუტები დისლოკაციის ადგილიდან გამთენიისას წამოვიდნენ. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ.

კერძოდ, საუბარია საპირფარეშოების დასუფთავებაზე. რეკრუტებს მიაჩნიათ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა ტუალეტების ხეხვით იყვნენ დაკავებული.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რეკრუტების მხრიდან პალდოს საბრძოლო ბაზის დატოვებაში საგანგაშო არაფერია. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზა 70-მდე რეკრუტმა დატოვა და ამის ძირითადი მიზეზი იყო, რომ მათ ვერ გაუძლეს იმ ცხოვრების წესს, რომელიც საველე პირობებში არსებობს:

პალდოს საბრძოლო ბაზა არის პირველადი საბრძოლო მომზადების ბაზა, სადაც ხვდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მომავალში საკონტრაქტო სამსახურში იმსახურებენ. ისინი გადიოდნენ პირველად წვრთნას და ეს არის საველე პირობები. საველი პირობებში, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ხდება თავად ჯარისკაცის მიერ. განწესში რამდენიმე ადამიანს დაევალა შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ უარი განაცხადეს და სხვებმაც უარი განაცხადეს. მე ვესაუბრე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას და უმრავლესობამ ვერ გაუძლო იმ ცხოვრების წესს, რაც მიღებულია სამხედრო სამსახურისთვის და მიიღეს წასვლის გადაწყვეტილება. ეს ჩვეულებრივი პროცესია, არაფერი საგანგაშო აქ არ არის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია