[myrights.ge]
პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის ახალ მთავრობას „ტონის შეცვლას“ ამჩნევს. როგორც აშშ-ში ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას უჭირს დამალოს ის მიღწევები, რასაც ქვეყანამ წინა მთავრობის დროს მიაღწია:
„საქართველოს მთავრობამ მთლიანად შეიცვალა ტონი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს თურმე ჰქონია ძალიან კარგი საბაჟო და საგადასახადო სისტემა და პარლამენტში ყოფნისას მთავრობის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ვართ მე-9 ადგილზე. ერთი სიტყვით, ის, რასაც მთელი თვეების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ეძახდა სიცრუეში ცხოვრებას და ჩვენს პიარს და იმას, თითქოს ჩვენ მსოფლიოს ვატყუებდით, ახლა შეიცვალა. იმ ფონზე, როცა გაუჭირდათ, ინვესტიციები აღარ შემოდის და ყველაფერი გაჩერდა, მოუხდათ ამის აღიარება“.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირი რუსეთის ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ბაქოსთვის სოლიდარობის გამოცხადება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში შედის:
„რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის ნავთობს აღარ გაატარებს თავის ტერიტორიაზე. ახლა მთავარი სამიზნე არის აზერბაიჯანი, რასაც მე დიდი ხანია ვიძახი. თუ აზერბაიჯანი დაეცა, მაშინ რეგიონს პერსპექტივა მოესპობა და პირიქით, თუ აზერბაიჯანი გაძლიერდება და გააგრძელებს განვითარებას, ჩვენ ბევრად უკეთესი პერსპექტივა გვექნება მომავლისთვის და ეს რუსეთის დღევანდელმა მთავრობამ მშვენივრად იცის. თავის დროზე, როცა რუსებმა ჩვენ დენი და გაზი ჩაგვიკეტეს, აზერბაიჯანმა თავისი მოსახლეობა „გათიშა“ და საქართველოს გაუყო საკუთარი ელექტროენერგია. ამით დიდი რაღაც გაგვიკეთა. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ აზერბაიჯანის მიმართ სოლიდარობა. ეს არის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში“.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს „ბაქო-ნოვოროსიისკის“ მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება, ეკონომიკური ხასიათის ნაბიჯად თვლიან. ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნულ ნაბიჯში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. ამასთან, ხელისუფალნიც და ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზრებზე აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდებაზე არ აისახება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერმა დმიტრი მედვედევმა 5 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტის ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რომელსაც 1996 წელს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა.
შეთანხმება წელიწადში 5 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის გადაქაჩვას ითვალისწინებდა, თუმცა ფაქტობრივი მოცულობა წელიწადში 2 მილიონ ტონას არ აჭარბებდა, განაცხადა კომპანია „ტრანსნეფტის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ დემინმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი მთავრობათაშორისი შეთანხმების პირობებს არ ასრულებდა. 1996 წლიდან ტრანსპორტირების საფასური არ იცვლებოდა, ტარიფი უცვლელი რჩებოდა - 15,67 დოლარი, ტონა გადაქაჩულ ნავთობში. 2014 წლიდან „ტრანსნეფტი“ ტრანზიტულ აზერბაიჯანულ ნავთობს კომერციული ხელშეკრულების საფუძველზე გადაქაჩავს, ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
დემინმა ასევე განაცხადა, რომ რუსულ-აზერბაიჯანული ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
საშუალებას იძლევა გადავიდეთ არა პოლიტიკურ, არამედ მეურნე სუბიექტებს შორის ურთიერთობებზე.
15 მაისს, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ(სოკარმა) განაცხადა, რომ მედვედევის განკარგულებას მხოლოდ ეკონომიკური საფუძველი აქვს.
„რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება... ატარებს არა პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ხასიათს“, - ნათქვამია „სოკარის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადება შეგვახსენებს, რომ მთავრობათაშორისი ხელშეკრულების პირობებით, „იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მხარე შეთანხმების შეწყვეტის ინიციატივას გამოიჩენს, ის ავტომატურად კიდევ ერთი წლით გრძელდება“.
ამასთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნაბთობკომპანიის ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ შეთანხმების შეწყვეტა „სოკარისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა“.
„სოკარში“ ასევე თლიან, რომ „ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, მსოფლიო ბაზრებზე აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდებაზე არანაირ უარყოფით ზემოქმედებას არ იქონიებს“. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანმა მოკლე დროში მიაღწია და მიწოდების დივერსიფიკაციის საიმედო სისტემა შექმნა.
თავის მხრივ, „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი განმარტავს, რომ „ბაქო-ნოვოროსიისკის“ მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, 1996 წლის შეთანხმების პირობებით. ამის შემდეგ, მთავრობათაშორისი შეთანხმების შეწყვეტის მიუხედავად, ტრანსპორტირება შეიძლება კომერციულ საფუძველზე გაგრძელდეს.
როვნაგ აბდულაევის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გაიმართება.
„ეკონომიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაში, კომპანია მიწოდებას გააგრძელებს. თუ ასეთი მიზანშეწონილობა არ იქნება, ნავთობის მიწოდება შეწყდება“, - ამბობს აბდულაევი.
ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ „ბაქო-ნოვოროსიისკის“ მილსადენი აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთ მარშრუტს წარმოადგენს და მისი გაჩერება ქვეყნისთვის პრობლემა არ გახდება“.
„აზერბაიჯანს კიდევ აქვს ნავთობსადენები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-სუფსა“, ასევე ნავთობის რკინიგზით გადატანის შესაძებლობები“, - ამბობს აბდულაევი.
აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ექსპერტის, სეიმურ ალიევის აზრით, „აზერბაიჯანისთვის „ბაქო-ნოვოროსიისკის“ მილსადენით ნავთობის გადაქაჩვის შესაძლებლობა ინტერესს წარმოადგენს დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, მაგრამ მიუღებელ პირობებში იგი სასიცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენს“,.
ამიტომ, ექსპერტების აზრით, ეკონომიკური თვალსაზრისით „სოკარი“ არაფერს კარგავს.
აზერბაიჯანის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი ვაჰიდ ახმედოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, „ეს შეიძლება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, აზერბაიჯანულ ხელისუფლებაზე ზეწოლას წარმოადგენდეს“.
კვლევითი ცენტრის, „ატლასის“ ხელმძღანელი ელხან შაჰინოღლუ კი თვლის, რომ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება „შემთხვევითი არ არის“. მისი თქმით, ბოლო ხანს რუსეთთან ურთიერთობებში ღია დაძაბულობა შეინიშნება. ყოველივე, „გაბალის“ რადიოლოკოციური სადგურის თემასაც უკავშირდება.
ცნობისთვის, „ბაქო-ნოვოროსიისკის“ მილსადენის საერთო სიგრძე 1330 კილომეტრს შეადგენს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მილსადენის სიგრძე 231 კილომეტრია, დიამეტრი 720 მილიმეტრი. აზერბაიჯანულ მონაკვეთზე მისი გამტარი შესაძლებლობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენს.