[myrights.ge]
აზერბაიჯანმა საქართველოს 9 მოქალაქე, მათ შორის მწერლები - დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ადამიანების სია, რომლებმაც მთიანი ყარაბაღი არალეგალურად მოინახულეს.
335-კაციან სიაში მოხვდნენ სერგეი მარკედონოვი, ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსი დეპუტატი - მაქსიმ მიშჩენკო, კონსტანტინე ზატულინი, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი, მონსერატ კაბალიე და პიტერ სემნები.
ქართველი მწერლების მაყვალა გონაშვილის, დათო ტურაშვილისა და ბესო ხვედელიძის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს საელჩოსთვის ამ დრომდე არ უცნობებია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა კახა აბდალაძემ განუცხადა, საელჩოს ამ დრომდე ქართველი მწერლების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია და მათთვის ჯერჯერობით, არც არასასურველ პირთა სიაა ცნობილი.
ამასთან, საელჩოს პირველი მდივნის განმარტებით, აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრაძალულია:
"აზერბაიჯანულ მხარეს ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უცნობებია. აზერბაიჯანის კანონმდებლობით, აკრძალულია აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე. ეს კარგად იცის ქართულმა მხარემ. თავის დროზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალულია".
ამასთან, საელჩოს პირველი მდივანის თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც მწერალი მაყვალა გონაშვილი იმყოფებოდა ყარაბაღში, რომელიც "ალბათ არასასურველ პირთა სიაში შეიყვანეს".
ბესო ხვედელიძე და დავით ტურაშვილი მთიან ყარაბახში 2012 წლის მარტში ლიტერატურული ალმანახის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ. მაყვალა გონაშვილი კი მთიან ყარაბახში "საერთაშორისო პოეტურ ფესტივალზე" 2012 წლის 16-18 ოქტომბერს იმყოფებოდა.