[myrights.ge]
„დემოკრატიული მოძრაობა– ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ ადვოკატთა ასოციაციის“ წევრებს შეხვდა და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის, დამკვიდრებისა და სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების საკუთარი ხედვები გააცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატი გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის მიმართვას, სადაც იგი პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვასთან დაკავშირებით და რომ არ მოხდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების ვადის გადაწევა 2014 წლის დეკემბრამდე, მოწმედ დასაკითხ პირთან მიმართებაში.
როგორც აღნიშნული მიმართვის საპასუხოდ ბურჯანაძემ განაცხადა, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანებს უნდა იცავდეს კანონი და არა რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირი. კანონმა კი ადვოკატებს უნდა შეუქმნას აბსოლუტურად ისეთივე პირობები და უფლებები, როგორიც აქვს ბრალდების მხარეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ადვოკატებს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როდესაც საერთაშორისო ადვოკატთა ორგანიზაციამ ადვოკატთა საქმიანობა საქართველოში რისკ–ფაქტორად შეაფასა. იმ პერიოდში, უკანონოდ დაკავებული ადამიანებისათვის ერთადერთი შველა იყო ადვოკატებთან საუბარი, მათთან ურთიერთობა და ხშირ შემთხვევებში ადვოკატები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რომ ისინი ლამის ფსიქოთერაპევტის ფუნქციას ასრულებდნენ ხოლმე. შეზღუდული იყო ადვოკატთა უფლებები, მაგრამ ადვოკატები ბრძოლას აგრძელებდნენ. საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ 157 ადვოკატი იყო დაკავებული და დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისათვის, რომ ადვოკატთა უფლებები აღარ შეილახოს“,–განაცხადა ბურჯანაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ყველას ვინც მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ნინო ბურჯანაძე პირველი პოლიტიკოსია, რომელიც ადვოკატთა ასოციაციაში მიიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ხატიაშვილი ღია წერილით პრეზიდენტობის კანდიდატებს: ნინო ბურჯანაძეს, გიორგი თარგამაძეს, სალომე ზურაბიშვილს, შალვა ნათელაშვილს და გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.
ხატიაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემად სამოქალაქო საზოგადოებაზე პოლიციური ძალადობის შეწყვეტა რჩება:
„პატივცემულო პრეზიდენტობის კანდიდატებო, გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველანაირი პოლიტიკური საშუალება განსაკუთრებით პირდაპირი ეთერი, რათა არ მოხდეს პარლამენტის მხრიდან ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილების განხორცილება და 2013 წლის სექტემბრიდან ამოქმედდეს მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა. მე ვფიქრობ, თითოეული თქვენგანის აქტივობა იქნება მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის“.