მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მოშიმშილე პატიმართა მოთხოვნების დაკმაყოფილება მის კომპეტენციაში არ შედის - 05 აგვისტო 2013

[myrights.ge]

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განმარტებით, მოშიმშილე პატიმართა მოთხოვნების დაკმაყოფილება , საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით, მის კომპეტენციაში არ შედის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამჟამად 3 მსჯავრდებული შიმშილობს

"კახა -, რომელმაც 1 აგვისტოს პირი და ქუთუთოები ამოიკერა, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და გათავისუფლებას ითხოვს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ეპილეფსია აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, მას ერთი თვის წინ ჩაუტარდა ძვირადღირებული მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები და ქირურგიული ოპერაცია. მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

უწყების ცნობით, შიმშილობას განაგრძობს მალხაზ -, რომლის მოთხოვნასაც სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა წარმოადგენს

"მსჯავრდებული სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის. 28.09.07 წელს მალხაზ - თანამზრახველებთან ერთად კერძო ტაქსი დააყაჩაღა, მძღოლს ძალადობის მუქარით გასტაცა კუთვნილი ავტომანქანა, თანხა და მობილური ტელეფონი. აღნიშნული დანაშაულისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. "ამნისტიის შესახებ" კანონით, 27.01.2013 წელს სასჯელი 2 წლით და 3 თვით შეუმცირდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის თებერვალში მას უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჯგუფურად. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილია დისციპლინური დარღვევისთვის. ადგილობრივი საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილავს

რაც შეეხება ზურაბ -, მსჯავრდებული სასამართლოს მიერ საქმის გადახედვას და სამართლიანად განხილვას ითხოვს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ქსნის მე-15 დაწესებულებაში 7 პატიმარი შიმშილობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული დაწესებულებიდან ერთ-ერთმა პატიმარმა აცნობა. მისი თქმით, მოშიმშილეთაგან ერთ-ერთს, პირი აქვს ამოკერილი.

"ამ პატიმარმა პირი რამდენიმე დღის წინ ამოიკერა. მისი და სხვა მოშიმშილეების მოთხოვნაა, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ ხელახლა გადახედოს მათ საქმეებს და მოიხსნას შეკრებითობა. ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნებია, რადგან მათი საქმეები სუფთაა, ხოლო შეკრებითობის პრინციპის მოხსნა კანონში შესული ცვლილებებით აუცილებლად უნდა მოხდეს. რაც შეეხება იმ პატიმარს, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი, ის ასევე მოითხოვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მას ეპილეფსია აქვს და მისი ციხეში ყოფნა არ შეიძლება. თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, შიმშილობას უფრო მასობრივი სახე მიეცემა", - განაცხადა ერთ-ერთმა პატიმარმა. 

მისივე თქმით, პირამოკერილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეომა უფრო და უფრო უარესდება. 

"თუ მის მოთხოვნას დღესვე არ დააკმაყოფილებენ, ის აპირებს, რომ უარი თქვას ყველანაირ სამედიცინო დახმარებაზე, რაც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს", - აცხადებენ მე-15 დაწესებულების პატიმრები

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია