[myrights.ge]
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქრთველო" კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.
ამასთან დაკავშირებით სტატია "საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს" ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. სტატიაში სახელმწიფო უწყებების მიერ გამართულ ღონისძიებებზე გიორგი მარგველაშვილის დასწრების ფაქტებია მოყვანილი.
"სწორედ როგორც "ახალი პოლიტიკური სტანდარტების" დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯი ახსნა გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრობიდან გადადგომა, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ამას არ ავალდებულებდა. პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ეს გადაწყვეტილება უდავოდ მისასალმებელია. თუმცა მარგველაშვილის ერთგულება მის მიერვე გაცხადებული პოლიტიკის მიმართ ეჭვქვეშ დააყენა ბოლო პერიოდში მისი საჯარო გამოჩენის სპეციფიკამ. მხედველობაში გვაქვს მისი დასწრების ფაქტი იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შრომის კოდექსის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაციაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ თუშეთობის დღესასწაულზე ომალოში, სადაც მარგველაშვილმა ვერტმფრენით იმგზავრა. ჩვენთვის უცნობია არის თუ არა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში.
პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის საჯარო შეხვედრების საკითხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაზეც განიხილეს, სადაც ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ "ქართული ოცნების" დასახელებული კანდიდატი კულტურისა და რეინტეგრაციის სამინისტროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსაც ესწრებოდა", -ნათქვამია სტატიაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე პრეზიდენტობის კანდიდატის დასწრება კანონდარღვევებს წარმოშობს, რადგან პარლამენტის მიერ სამი მოსმენით უკვე მიღებულ საარჩევნო კოდექსში ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებზე აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ითვლება. აგიტაცია კი, მოქმედი კოდექსით, შეიძლება ნებისმიერი საჯარო მოქმედება იყოს, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის პირის არჩევას. საარჩევნო მიზნების მქონე პირის საჯარო ღონისძიებაზე დასწრება კი არის მისთვის პლატფორმის დათმობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ასევე ამ ქმედებით, კანდიდატი ზოგავს საკუთარ ფინანსებს, რაც შესაძლოა, განხილული იქნეს, როგორც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან გაღებული უკანონო შემოწირულება.
"გიორგი მარგველაშვილი ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის და ასეთი ქმედებებისგან თავის შეკავების, ისევე როგორც – მინისტრობიდან გადადგომის ფორმალური ვალდებულება მას არ გააჩნია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად უკვე დაწყებულია, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაცია კი მხოლოდ ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს მოვუწოდებთ, დაიცვას ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომლის თანახმად, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მკაფიო განსხვავება უნდა არსებობდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეული იყო. დაიცვას მის მიერვე დეკლარირებული მაღალი პოლიტიკური სტანდარტი და კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებამდეც არ დაუშვას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ვინაიდან ამომრჩევლისთვის ის უკვე აღიქმება, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი", - ნათქვამია სტატიაში.
ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებას პასუხობს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მიესალმებიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინტერესს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
მათივე თქმით, კოალიცია "ქართული ოცნებისათვის" მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა.
"აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა კანონდარღვევებზე, რასაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, არამედ მაღალი პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მარგველაშვილის პრესსამსახურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აძლევს საშუალებას, იმავდროულად იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 16 ივლისს აღნიშნული თანამდებობა დატოვა.
"კანონი მაძლევს იმის უფლებას, რომ დავრჩე თანამდებობაზე, მაგრამ ჩვენ სწორედ იმიტომ მოვედით ხელისუფლებაში, იმიტომ გვაქვს პრეტენზია ქვეყნის მართვის, რომ ახალი სტანდარტები და პოლიტიკური კულტურა დავნერგოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გარდა, ამისა პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში მოუწევს საარჩევნო კამპანიის წარმოება. კოალიცია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყნისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლება, განსხვავებით წინამორბედისგან, არანაირი პირდაპირი თუ ირიბი გზით არ ეცდება წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით – "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მონაწილეს, ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლებები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო რესურსები", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურში აღნიშნავენ, სწორედ, ზემოაღნიშნული სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.
მათი თქმით, კოალიცია "ქართული ოცნება" წარმოადგენს იმ ძალას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გამოუცხადა მხარდაჭერა. საარჩევნო კამპანია არ გასცდება კანონით დადგენილ თუ პოლიტიკური სტანდარტის ზღვარს, რომლის აღსრულებისთვისაც კოალიცია იბრძოდა და იბრძვის საქართველოს მოსახლეობასთან ერთად", - აღნიშნულია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, ”თუ ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობით გამართული რომელიმე ღონისძიება ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული და იქ საარჩევნო აგიტაცია წარმოებდა, ცხადია, ამას გარკვევა სჭირდება”:
”რა თქმა უნდა ბიუჯეტის თანხების ხარჯვა საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული არ უნდა იყოს და ჩვენ მკაცრად ჩავდეთ ეს საარჩევნო კოდექსში, ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში. ანუ, არ შეიძლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და თუ ამასთან გვაქვს საქმე, ეს გასარკვევია. თუ მარგველაშვილის მონაწილეობით გამართული რომელიმე ღონისძიება ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული და იქ საარჩევნო აგიტაცია წარმოებდა, ცხადია, ამას გარკვევა სჭირდება“.