მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბოლნისსა და გარდაბანში გამგებლის გადაყენებას მოითხოვენ - 06 აგვისტო 2013

[myrights.ge]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნუგზარ ჩადუნელი დაინიშნა

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ასად ხუდადოვის განცხადებით, ისევე როგორც წინა გამგებლის მოვალეობის შემრულებელი გელა ხუციშვილი, ნუგზარ ჩადუნელიც უშიშროების და შსს- ყოფილი მაღალჩინოსნების ლილუაშვილისა და ხვედელიძის კადრია

"ჩადუნელი თანამდებობიდან უნდა წავიდეს და მის ადგილზე ის კანდიდატი დაინიშნოს, ვინც "ქართული ოცნების" წევრი და აქტივისტი იყო საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აქციის მონაწილე სანდრო უსტიაშვილმა

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი კი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს

როგორც ჩადუნელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ის "ქართული ოცნების" დაარსების პირველივე დღიდან პარტიის წევრი და დელეგატია და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად პარტიასთან შეთანხმებით დაინიშნა

ჩადუნელმა აბსურდული უწოდა აქციის მონაწილეთა ბრალდებებს, თითქოს ის კავშირში იყოს ლილუაშვილთან ან ხვედელიძესთან.

თავის მხრივ, ბოლნისის მოსახლეობა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისგან, ლევან ფალავანდიშვილისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბოლნისის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა ლალი ციხელაშვილმა განაცხადა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისგან თანამდებობის დატოვებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ბოლნისის საკრებულოს 22 დეპუტატი მოითხოვს

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ბოლნისის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს და მხოლოდ ქელეხებში დადის, ამის გამო კი მას ბოლნისში ზედმეტ სახელად "ქელეხაც" კი შეარქვეს

"იმისთვის ვიბრძოდით არჩევნებზე, რომ გამგებლად "ქართული ოცნებიდან" მოსულიყო ადამიანი, რომელიც შემდეგ კვლავ "ნაციონალებს" შეეკვრებოდა. ბოლნისის მოსახლეობა მოითხოვს, რომ მან თანამდებობა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გავმართავთ და კაბინეტში არ შევუშვებთ", - განაცახადა ლალი ციხელაშვილმა.

ბოლნისის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ფალავანდიშვილის მოადგილე დავით ჩართოლანი გამგეობის თანამშრომელ ლალი ციხელაშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ჩართოლანმა განუცხადა, საკრებულოს დეპუტატებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნა არ დაუყენებიათ

"გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომას არავინ არ ითხოვს. მეორეც, ლალი ციხელაშვილს, რომელიც გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსია, არ აქვს უფლება საკრებულოს დეპუტატების სახელით ილაპარაკოს. სიმართლე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ თავად საკრებულოს წევრებს ჰკითხოთ", - განაცხადა დავით ჩართოლანმა.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ფიქრობს, რომ ბოლნისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი გამგეობების წინააღმდეგ ერთდროულად დაწყებული კამპანია კონკრეტული ძალის მიერაა მართული.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია