(myrights.ge)
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე საგანგებოდ შექმნილი ჯგუფი იზრუნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საგანგებო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უსახლკარო მოქალაქეთათვის რამდენიმე დროებითი თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობა დაევალა.
ჯგუფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად გაუწევს მეთვალყურეობას.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეუდგა სოციალურად დაუცველთა და მიუსაფართა პრობლემის კომპლექსური გადაჭრის გზების შემუშავებას. თუმცა, ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, პრემიერ–მინისტრმა საგანგებო უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. შეხვედრას დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის, ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები, რომლებიც აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან.
საქართველოს პრეზიდენტისთვის უსახლკაროთა პრობლემის მოგვარებისადმი პოპულისტური მიდგომა მიუღებელია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს. პრეზიდენტის თქმით, მოხდება ამ თემის დეტალური შესწავლა, რათა კონკრეტულად გამოიკვეთოს, როგორ ნაწილდება ფუნქციები მთავრობასთან მიმართებაში:
„ძალიან ბევრს აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო და უაღრესად კარგად ართმევს თავს სერგეენკო. აქ მთავარია არა პოპულიზმით წავიდეთ, არამედ რეალურად მივმართოთ იმ გზას, რომ ჩვენ რეალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მთავრობას და არა უბრალოდ ინიციატივები გადმოვქაჩოთ“.
უსახლკაროთა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით პეტიცია არასამთავრობოების ნაწილმა დღეს მოამზადა.