[miryghts.ge]
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ აჭარის რეგიონში მაღალი ძაბვის ყველა გადამცემი ხაზის მწყობრიდან ერთდროულად გამოსვლა დივერსიას უკავშირდებოდეს.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, ყველა გადამცემ ხაზზე ერთი და იგივე სახის დაზიანება ფიქსირდება:
"ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ასეთი დიდი თოვლი რეგიონში 1985 წლის შემდეგ არ მოსულა, მაგრამ ვფიქრობ, საქმეზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან ყველა მიმართულებით ერთი და იგივე სახის დაზიანება ფიქსირდება. გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ საქმე აღიძრა მიზანმიმართულად ხაზების დაზიანებასთან დაკავშირებით, როცა ქობულეთის რაიონში მაღალი ძაბვის ხაზების მიმართ განხორციელდა გასროლა. არ გამოვრიცხავ ამ მიმართულებითაც დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება. ამ ორ ფაქტს შორის პირდაპირი კავშირი არ მინდა გავაკეთო, სანამ ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ყველა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე გვაქვს ერთი და იგივე სახის დაზიანება".
ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, მსგავსი პრობლემა სისტემას არასდროს ჰქონია. "ფაქტობრივად, ყველა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც აჭარა მარაგდებოდა, ერთდროულად იყო დაზიანებული. ასეთი შემთხვევა სისტემას არ ახსოვს. როცა ერთი ხაზი ითიშებოდა, იყო მეორე ხაზის ჩართვის საშუალება, როცა მეორე ხაზი ითიშებოდა, არსებობდა მესამე ხაზის გამოყენების შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაში კი გვქონდა ვითარება, როცა ერთდროულად გაითიშა ყველა გადამცემი ხაზი", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა და დასძინა, რომ ვინაიდან გადამცემ ხაზებზე "პალიასტომი 1" და "პალიასტომი 2" სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ისინი აღდგენილი არაა, ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს თურქეთიდან ახორციელებს.
ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობის 50 %-ს, ხოლო ქობულეთს სრულად ბუნებრივი აირით მომარაგება აღუდგა, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარადან" აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის, ხელვაჩაურის მოსახლეობას და კომერციულ ობიექტებს გაზი სრულად დღეს, 16:00 საათიდან მიეწოდებათ.
"სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში" განმარტავენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან ბუნებრივი აირის მოხმარების გაზრდამ წნევის ვარდნა გამოიწვია და გაზიც ამიტომ გაითიშა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
აჭარის კომერციულ ობიექტებს ბუნებრივი აირი გუშინ, 18:00 საათიდან გაეთიშა, ხოლო მოსახლეობას - ღამის საათებში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარის მაღალმთიანეთში გზების გასაწმენდად დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტის თემებამდე მისასვლელი შიდა სასოფლო გზების თოვლისგან გასაწმენდად მობილიზებული ტექნიკა საკმარისი არ არის, რის გამოც აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან თანხებს გამოყოფს და გზების გასაწმენდად კერძო მფლობელებისგან დამატებით ტექნიკას დაიქირავებს:
"გამგებლებს მივეცი დავალება, რომ ის ტექნიკა, რომელიც კერძოა და გაწმენდით სამუშაოებში არ არის ჩართული, მუნიციპალიტეტები დაიქირავებს და სწრაფად მოხდეს გზების გაწმენდა. სოფლების 50% გაწმენდილია. ამ დღეებში ძირითადი პრიორიტეტი იყო ავადმყოფების რაიონულ ცენტრებამდე გადაყვანა".
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ათეული პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოებში. მინისტრის თქმით, დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან მშობიარე ქალის გადაყვანა საავადმყოფოში ვერ მოხერხდა. ნუგზარ სურმანიძემ განმარტა, რომ მშობიარობამ სახლის პირობებში დამაკმაყოფილებლად ჩაიარა:
"საავადმყოფოებს აქვს ელექტროენერგია და გათბობა. პრობლემაა სოფლებიდან საავადმყოფომდე მიღწევა. ერთ-ერთი გამოძახების დროს, დიდთოვლობის გამო სამაშველო ბრიგადამ და მედპერსონალმა ვერ მიუსწრო მშობიარობას. ქალბატონმა სახლის პირობებში იმშობიარა, ახალშობილის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".
აჭარის მაღალმთიანეთს მეშვიდე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დაზიანებული გადამცემი ხაზების აღდგენასა და მაღალმთიანეთისთვის ელექტროენერგიის სრულად მიწოდებას დაახლოებით ოთხი დღე დასჭირდება. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ მეტრს აჭარბებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.