მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შეწყალების კომისიამ გათავისუფლების რეკომენდაცია 54 მსჯავრდებულზე გასცა - 14 დეკემბერი 2013

[myrights.ge]

შეწყალების კომისიამ სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია 54 მსჯავრდებულზე გასცა, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ, ავლაბრის რეზიდენციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

კომისიამ გუშინდელ სხდომაზე 160-მდე საქმე განიხილა. მათ შორის სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია 54 მსჯავრდებულზე გასცა, საიდანაც 4 არასრულწლოვანია, 15 მსჯავრდებულზე კი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია არსებობს. შესაწყალებელ პირთა სიაში არიან ქალებიც.

სახალხო დამცველის თქმით, მიმდინარეობს ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მოხდება რამდენიმე საქმის გადადება, რათა კომისიამ დეტალები კარგად შეისწავლოს.

მისივე ინფორმაციით, შესაწყალებელ პირთა დიდი ნაწილი ნარკოტიკული დანაშაულის გამოა მსჯავრდებული. ამასთან, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, შესაწყალებელ პირთა სიას შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაემატოს.

შეწყალების კომისიის შემდეგი სხდომა უახლოესი კვირების განმავლობაში გაიმართება. გუშინ შედგენილი ოქმი კი, პრეზიდენტს სავარაუდოდ დღეს გაეგზავნება.

შეწყალება პრეზიდენტის ინდივიდუალური აქტია, რომელიც ხორციელედება, განსაზღვრულ პირთა მიმართ. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს როგორც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ასევე შეუმცირდეს ან შეეცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

შეწყალებას ხშირად კერძო ამნისტიას უწოდებენ, რომელიც გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავს ცნობენ დამნაშავედ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და პირადად ითხოვენ შეწყალებას. მსჯავრდებულისადმი შეწყალების გამოყენების საკითხის დასმის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ თავის დამნაშავედ ცნობა, ჩადენილი დანაშაულის მონანიება და შეწყალების პირადი თხოვნა. თუ მსჯავრდებული პირადად არ ითხოვს შეწყალებას, მაშინ, მიუხედავად მისი ოჯახის წევრების, პარლამენტარების, საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეების, ორგანიზაციების მიერ აღძრული შუამდგომლობებისა, შეწყალების საკითხთა განყოფილებას არა აქვს საქმის მომზადებისა და კომისიაზე განსახილველად წარდგენის საფუძველი. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი ნასამართლეობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, ოჯახური პირობები და სხვა. შეწყალება გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰუმანური აქტის გამოყენებამდე გულდასმით შეისწავლება ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

შეწყალების აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია