[myrights.ge]
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მედიასაშუალებებს, თანაბარ პირობებში მიიღონ და გაავრცელონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და უზრუნველჰყოს, ნებისმიერი დაინტერესებული მედიასაშუალებისათვის, არსებულ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა.
ტელეკომპანია „ოდიშის“ მიმართ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძოდ კი გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან უხეში და არაკოლეგიალური დამოკიდებულების შედეგად, თანამშრომლებს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში თავისუფლად გადაადგილება და ინფორმაციის მიღება-გავრცელების შესაძლებლობა ეზღუდებათ. საჯარო დაწესებულების მხრიდან ასეთი საქციელი არ არის მიზანშეწონილი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია საჯარო დაწესებულების პრინციპიდან გამომდინარე, ყოველგვარი შერჩევისა და დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაშვება შენობაში, მათი საქმიანობისათვის ღია და თავისუფალი სივრცის შექმნა, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თანაბარი შესაძლებლობის მიცემა.