ipn.ge
ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში სამუშაო ადგილზე 273 ადამიანი დაიღუპა ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში სამუშაო ადგილზე 273 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა, - ასეთი არის პროფესული კავშირის გაერთიანების მონაცემები სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა შესახებ.
პროფკავშირების გაერთიანებამ დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა საერთაშორისო დღე აქციით აღნიშნა.
ეკონომიკის სამინისტროსთან პროფკავშირების წარმომადგენლებმა ქვეყანაში შრომის ინსპექციის გაუქმება გააპროტესტეს და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გატარება ითხოვეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, 2007 წლიდან 2013 წლამდე სამუშაო ადგილებზე 273 ადამიანი დაიღუპა, 486 ადამიანმა კი მძიმე საწარმოო ტრავმა მიიღო. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროში არსებობს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც მუშაობის ტექნიკურ პირობებს ამოწმებს და შრომითი რესურსების, სამუშაო პირობების შემოწმება მისი ფუნქცია არ არის. ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, შრომის ინსპექციის შექმნას ეკონომიკის სამინისტრო და ეკონომიკური გუნდი ეწინააღმდეგება, თითქოს იმ მოტივით, რომ შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შექმნის მოთხოვნა ინვესტორებს დააფრთხობს.
ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულება 18 ევროდირექტივას ითვალისწინებს, რომლის შესრულებაც საქართველოსთვის სავალდებულოა.
აქციის დასრულების შემდეგ, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა ქაშვეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს, სადაც გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.